ანრი ოხანაშვილი: თუ უგულავას აქვს განცდა, რომ რაიმე ფორმით მისი უფლება დაირღვა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს, დაცალოს ეს საქმე პოლიტიკისგან
12-02-2020
„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ რამდენიმე საკითხზე. ერთი საკითხი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი პირი, იქნება ეს მოხელე, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, თუკი დანაშაულს და, მით უმეტეს, კორუფციულ დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს. მეორე - კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველამ უნდა აგოს პასუხი, იქნება ეს “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მყოფი პირი. ასეთი ფაქტები ვიცით: ბათუმის მერი, ზუგდიდის მერი, წყალტუბოსა და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეები არიან კორუფციული დანაშაულის გამო პასუხისგებაში მიცემულნი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა ტ/კ პირველი TV-ის გადაცემაში „დღის ამბები“.
დეპუტატის განცხადებით, გიგი უგულავას საქმე 2013 წელს დაიწყო და მას ედავებიან, რომ თბილისის განვითარების ფონდი, რომელის თანხაც უნდა მოხმარებოდა თბილისის და თბილისელების საჭიროებებს, ნაციონალურმა მოძრაობამ გაფლანგა.
„2013 წელს წაუყენეს უგულავას ბრალი. პირველი ინსტანციის სასამართლოში წავიდა ეს საქმე, შემდეგ - მეორე ინსტანციის სასამართლოში და დასრულდა მესამე ინსტანციაში. ანუ ერთი საქმე გადის 3 ინსტანციას. აქედან ითვლება საქმე დასრულებულად. არცერთ ეტაპზე არ მომხდარა ისეთი რამ, რომ საქმე დასრულებულიყო სამივე ინსტანციაში, გამართლებულიყო ან გამტყუნებულიყო და იმავე საქმეზე იმავე გიგი უგულავას მიმართ ვინმეს ხელახლა წაეყენებინა ბრალი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისი განცხადებით, გიგი უგულავას დაპატიმრება ხელს აძლევს თვითონ გიგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას, რომელთაც სურდათ რაიმე საკითხის საბაბად გამოყენება და მათ გამოიყენეს ეს საბაბად, რომ გასულიყვნენ მოლაპარაკებათა მაგიდიდან. „თუ ვინმეს არ აწყობს მოლაპარაკებები, სწორედ ამ ჯგუფებს არ აწყობთ. ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ვუერთდებით, რომ დიალოგით უნდა გადაწყდეს საკითხი და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, რაც სრულად არის გაზიარებული ამერიკის შეერთებული შტატების გუშინდელ განცხადებაში“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.
მისი განმარტებით, ალოგიკურია მოსაზრება, რომ თუ „ქართული ოცნება“ აკონტროლებს სასამართლო სისტემას, მმართველ გუნდს ეს გადაწყვეტილება მიეღო სწორედ იმ დროს, როცა პოლიტიკურად თვითონ დააზიანებდა.
„თუ უგულავას აქვს განცდა, რომ რაიმე ფორმით მისი უფლება დაირღვა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს, დაცალოს ეს საქმე პოლიტიკისგან, განაგრძოს სამართლებრივი დავა და პოლიტიკაში ვისაუბროთ პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პათოსს და მათაც გაიზიარეს ჩვენი მოწოდება, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.