13-02-2020
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის გამართლებას ეხმაურება.
მისი თქმით, აბაზოვის გამართლება აჩვენებს, რომ „ოცნების" ერთგულ ადამიანებს ამორალური, ამაზრზენი დანაშაულიც ეპატიებათ.
„მისი პატიება „ქართული ოცნების" დემონსტრაციული ნაბიჯი და ჟესტია, რომ თუ იქნებიან ერთგული და მათი მომხრე, თუ ისარგებლებენ პრივილეგიით, რასაც ამ ქვეყანაში არაფორმალური მმართველის ნაცნობობა გაძლევს, ასეთ შემთხვევაში გეპატიება ნებისმიერი, ყველაზე ამორალური და ამაზრზენი დანაშაულიც კი",-ამბობს ბაქრაძე მთავარ არხთან ინტერვიუში.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა.
თემურ აბაზოვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2018 წლის 14 ივნისს შეუფარდა, 2018 წლის 13 დეკემბერს კი აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.