13-02-2020
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია ეხმიანება ქართული დელეგაციის მიერ ფაქტების შემსწავლელი მისიის საქართველოში მოწვევის ფაქტს. მისი განცხადებით -„როდესაც ამდენი ევროპული დახმარებების ფარგლებში გამოყოფილი თანხა და დრო დაიხარჯა კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაზე, რომლის ძირითადი მიზანი რუსეთის მზარდი პროპაგანდის განეიტრალება და ევროპული ღირებულებების მიმართ ცნობიერების ამაღლება იყო, აუცილებელია საქართველოს მოსახლეობას არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ზედაპირული, სიღრმისეული ანალიზის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიციები ჩვეულებრივი ტენდენციაა დასავლეთში“.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც ამ განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს ნებსით თუ უნებლიედ წყალს ასხამს სწორედ რუსულ ნარატივზე, რომელიც მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ცდილობს დასავლეთის წარმოჩენას და ამ კონტექსტის წამყვანი თემა სწორედ დასავლეთის ტენდენციურობაზე მითითება არის ხოლმე.
„საქართველოს საზოგადოების ევროპული ორიენტაცია დღეს ვერანაირად ვერ დადგება ეჭვის ქვეშ, ვინც ახალგაზრდების განწყობას იცნობს ეს ცხადზე უცხადესია. სწორედა ამ მოცემულობისადმი ღრმა პატივისცემის გამო იყო, რომ 2012 წლამდეც ბევრი არაადეკვატური შეფასება და დუმილი აიტანა ქართველმა ხალხმა დასავლეთის სხვადასხვა პოლიტიკური წრეებიდან, ისე, რომ ხმამაღლა ერიდებოდა პროტესტის გამოხატვას.
მინდა ყველას, ვინც ამ „ორთაბრძოლაშია“ ჩართული ვთხოვო ნუ გააღრმავებენ ამ ძალიან საშიშ ტენდენციას, რომელიც, ვიმეორებ 2008 წლის მსგავსად რუსეთისათვის მისაღებ შედეგს დააყენებს და მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ვინ უფრო პროევროპულია და ვინ პრორუსული. სწორედ დღეისათვის ესოდენ მნიშვნელობანი ობიექტური ანალიზის შესაძლებლობა იქნება ასეთი ფაქტების შემსწავლელი მისიის მიერ მომზადებული ანგარიში და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ რომ ეს მისია შედგეს შემდეგ კი დაველოდოთ არჩევნებს და მივცეთ საზოგადოებას საშუალება აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელსაც იმსახურებს და თვითონვე აგოს შემდეგ პასუხი თავის არჩევანზეც და ორიენტაციაზეც“, - აცხადებს რომან კაკულია.