13-02-2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.
შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს. მხარეების შეფასებით, ვიზიტი პროდუქტიული იყო და ვაშინგტონში გამართული მაღალი დონის შეხვედრები ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ყურადღება გამახვილდა, ასევე, აშშ-საქართველოს ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩს ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.