19-02-2020
-8 თებერვალს სან-რემოში მიმდინარე იტალიური მუსიკის ფესტივალზე მაყურებელმა წამყვანის როლში, სხვებთან ერთად, კრიშტიანუ რონალდუს მეგობარი ქალი, ჯორჯინა როდრიგესი იხილა. ჯორჯინა საღამოს განმავლობაში სამი სხვადასხვა სახით წარსდგა მაყურებლის წინაშე და სამივე შემთხვევაში იდი უაღრესად ბრწყინვალე და მიმზიდველი იყო. ერთ მომენტში ჯორჯინა სცენაზე პარტნიორთან ერთად გამოვიდა და მგზნებარე არგენტინული ტანგო საუცხოოდ იცეკვა.
სანამ იტალიური პრესა არკვევდა, რა დაუჯდა ჯორჯინას სან-რემოს ფესტივალზე მონაწილეობა, ტურინის საბავშვო საავადმყოფოსთვის შეწირულობა (არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯორჯინას შენაწირი 140 ათასი ევროა) და კრიშტიანუს 35 წლის აღსანიშნავად მისთვის საჩუქრად მირთმეული Mercedes-AMG G 63 , ესპანურმა ტელეარხმა Telecinco თავის გადაცემაში აღნიშნა, რომ, მისი ინფორმაციით, ჯორჯინა რონალდუსგან ყოველთვიურად იღებს, ჯიბის ფულის სახით, 50 ათასიდან 100 ათას ევრომდე. გარდა ამისა, ინსტაგრამზე 16,5 მილიონი გამომწერის მყოლი ჯორჯინა კომპანიისთვის გამოქვეყნებულ თითოეულ პოსტში 8000 ევროს იღებს, ხოლო მასთან ინტერვიუ 100 000 ევრო ღირს.
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი წლებია, რაც ერთად ცხოვრობენ, თუმცა ოფიციალურად არ არიან ქორწინებაში. მათ ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავთ – 2 წლის ალანა. გარდა ამისა ჯორჯინა ზრდის სუროგატი დედის მიერ გაჩენილ რონალდის სამ შვილს – 9 წლის და 8 თვის კრიშტიანუ-უმცროსს და 2 წლის და 8 თვის ტყუპებს – ევას და მატეოს.