19-02-2020
„საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ დიალოგს მაღალ დონეზე. ასევე სტაბილური რჩება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება“, - ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა სერგეი რუმასმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საპარტნიორიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საქართველოს ელჩი ბელარუსში ვალერი კვარაცხელია.
ნათია თურნავას განცხადებით, დღეისათვის საქართველო და ბელარუსი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა აღნიშნა, რომ ურთიერთვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის უფრო მეტი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული. ამასთან, ქართულმა მხარემ ბელარუსულ მხარეს საქართველოსა და ბელარუსს შორის თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონების კუთხით თანამშრომლობის განვითარება შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება - 2019 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 94,8 მლნ. აშშ დოლარი (ზრდა 9%, საერთო ბრუნვის 0.7% წილით). ექსპორტი გაიზარდა 55%-ით, განისაზღვრა 44,25 მლნ. აშშ დოლარით ძირითად ქართულ პროდუქციას ბელარუსში წარმოადგენს მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, თხილი და სხვა.
ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი საქართველოს მარტში ეწვევა.