20-02-2020
„2019 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის ათვისება რეკორდული იყო. შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისას იყო ერთგვარი უკმარობა იმ ასიგნებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ მიმართულებით გამოიყო. თუმცა, მაშინ, მსჯელობისას იყო ერთგვარი დათქმა, რომ თუ ბიუჯეტი მოგვცემდა ამის შესაძლებლობას, მაშინ შეიძლება გაზრდილიყო მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ასიგნება. როგორია ამ ეტაპისთვის შემოსავლების მაჩვენებლების დინამიკა და გვაქვს თუ არა ჩვენ იმის თქმის საფუძველი, რომ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის შეიძლება დამატებითი თანხები გამოიყოს“, - ამ შეკითხვით მიმართა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს, რომელსაც პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში უსმენს.
მერაბ ქვარაიამ ფინანსთა მინისტრს ასევე მიმართა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში გადაიხედოს ვადაგადაცილებული, უიმედო ვალდებულებების საკითხი.
„ეს საკითხი განსაკუთრებით ეხება იმ ფიზიკური პირების დავალიანებებს ბიუჯეტის წინაშე, რომელიც პრაქტიკულად უპერსპექტივოა, არანაირი რეალური პერსპექტივა არ ჩანს მათ ამოღებასთან დაკავშირებით. იქნებ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. მესმის, რომ არ არის მაინცდამაინც სასურველი ამნისტიები ხშირად განხორციელდეს ამ მიმართულებით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი ადამიანები, რეალურად, ბევრი არიან. იქნებ მათ მივცეთ განულების ან შეღავათების შესაძლებლობა, რომ გაუჩნდეთ პერსპექტივა ხელახლა აწარმოონ საქმიანობა და მუდმივად არ აწვებოდეთ ტვირთად ის დავალინება, რომელთა გადახდის რეალური რესურსი და შესაძლებლობა პრაქტიკულად არ გააჩნიათ“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.