21-02-2020
„ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად და ქართულ პოლიტიკაში ყოფნაზე პრეტენზიის გასაცხადებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი პოლიტიკური პატიმრები“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ "დღის ქრონიკაში".
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიება წყალგამყოფად იქცა თვით ოპოზიციას შორის, ეს შეფასება არ გაიზიარა არცერთმა იმ ოპოზიციონერმა, რომელიც არ წარმოადგენს ნაცმოძრაობის განაყოფს.
როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი გასამართლებულია ისეთ საქმეებზე, როგორიცაა ვალერი გელაშვილის ცემა, 26 მაისის აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა, ტელეიმედის დარბევა და სხვა ნაცმოძრაობის ინტელექტუალური ელიტა მაინც ბედავს სპეკულაციას და მის პოლიტპატიმრად წარმოჩენას.
„ბოლო პერიოდში თითქოს ყური მიეჩვია ოპოზიციონერთა განცხადებებს ქვეყანაში პოლიტპატიმართა არსებობის შესახებ, რაც ძირითადად 20 ივნისს და პარლამენტის პიკეტირების დროს დაკავებულებს გულისხმობს, მაგრამ ვანო მერაბიშვილის ამგვარად მოხსენიება წყალგამყოფად იქცა თვით ოპოზიციას შორის. საბედნიეროდ, ეს შეფასება არ გაიზიარა არცერთმა იმ ოპოზიციონერმა, რომელიც არ წარმოადგენს ნაცმოძრაობის რაიმენაირ განაყოფს. ნუთუ ნაცმოძრაობა ვერ ხვდებოდა რა მოჰყვებოდა ვანოსთვის პოლიტპატიმრის წოდებას? პოლიტიკური ნიშნით დევნილი დაარქვა ადამიანს, რომელიც გასამართლებულია ისეთ საქმეებზე, როგორიცაა ვალერი გელაშვილის ცემა, 26 მაისის აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა, ტელეიმედის დარბევა და მიტაცება, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, კვარიათში აგარაკის წართმევა და მითვისება, ათასობით აქტივისტის უკანონოდ დასაქმება 2012 წლის არჩევნების წინ და მილიონობით თანხის გაფლანგვა, აკურის ღვინის ქარხნის მიტაცება. ამის მიუხედავად ნაცმოძრაობის ინტელექტუალური ელიტა მაინც ბედავს მსგავსი სპეკულაციის შემოთავაზებას. თურმე ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასვა ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ მან ქართული პოლიცია მოქალაქის სამსახურში ჩააყენა. რა უნდა თქვა ასეთ დროს?” - აცხადებს ნიკოლაშვილი.
მისი თქმით, ცხადია მათ კარგად იციან, რომ არავითარ პოლიტიკურ პატიმარს ვანო მერაბიშვილი არ წარმოადგენდა. მაგრამ, თუ იტყვიან, რომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა და ის სამართლიანად იჯდა ციხეში, იქვე დგება მთლიანად რეჟიმის ლეგიტიმაციის საკითხი.
„რა რჩება ცხრა წლიანი მმართველობიდან სისხლის და სისასტიკის გარდა? როგორღა ილაპარაკონ ქვეყნის აშენებაზე? სად იყო პარტია მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილი დანაშაულებებს ჩადიოდა, როცა მაშინდელი ოპოზიცია ხმამაღლა საუბრობდა ამ საქმეებზე, სად იყვნენ ის კონკრეტული ადამიანები, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დღეს ნაცმოძრაობისა და მათთან გათანაბრებული პარტიების ლიდერები არიან. სად იყვნენ და იქ, მმართველ გუნდში, ერთ მუშტად შეკრულები და ცხადია, რომ მათ საერთო პასუხისმგებლობა აერთიანებთ. სწორედ ამ პასუხისმგებლობის ასარიდებლად და ქართულ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიის გასაცხადებლადაა საჭირო, რომ ჩადენილ დანაშაულებს უწოდონ შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი პოლიტიკური პატიმრები. ამიტომაც, უკვე შვიდი წელია ნაცმოძრაობა ცდილობს არა მხოლოდ აკრიტიკოს ქართული ოცნება ამა თუ იმ საკითხზე, თუნდაც სამართლიანად, არამედ მათთვის უმთავრესია ამ კრიტიკაში მიზანმიმართულად და უტიფრად ჩააქსოვოს საკუთარი რეჟიმის გამართლების მცდელობა”, - ამბობს გურამ ნიკოლაშვილი.