გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანმა ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ ადმაიანის უფლებების მდგოამარეოაბზე ისაუბრა

24-02-2020

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა.


გამოსვლაში ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე.


მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის პირდაპირი მოწოდებებისა და უმაღლესი კომისრის განმეორებითი ძალისხმევის მიუხედავად, უმაღლესი კომისრის ოფისი დღემდე ვერ ახერხებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას, მაშინ, როდესაც ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება მუდმივად უარესდება და ყოველდღიურად ირღვევა ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები. აღინიშნა, რომ ორივე რეგიონში გაძლიერებული ეთნიკური დისკრიმინაციის სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრებისა და ჯანმრთელობის უფლებების დარღვევის, თვითნებური დაკავებებისა და გატაცებების, და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია სასიცოცხლოდ აუცილებელ უსაფრთხოების მინიმალურ ზომებს.


„საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, ცხინვალის რეგიონში საქართველოში წარმოებული და ქართულად მარკირებული მედიკამენტების ამოღებისა და გაყიდვის აკრძალვის დაწყების შესახებ წარმოადგენს ჯანმრთელობის უფლებაზე მიტანილ შემდგომ იერიშს და საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს“- განაცხადა მინისტრმა.


თავის გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური წინაღობების აღმართვის შედეგად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე ჰუმანიტარულ ვითარებას და ფატალური შემთხვევებითაც კი სრულდება. მან საბჭოს კიდევ ერთხელ შეახსენა ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები, კერძოდ ირაკლი კვარაცხელიას, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის საქმები.


„ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო ამწვავებს დაუსჯელობის შეგრძნებას, და მეტიც, ამძაფრებს ეთნიკური ქართული მოსახლეობის მიმართ ძალადობას“ - აღნიშნა ზალკალიანმა.


მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო პარტნიორსა და ორგანიზაციას მათი ძალისხმევისთვის, რომელსაც მოჰყვა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და ხაზი გავუსვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამრღვევი პირებისათვის შემზღუდველი ზომების დაკისრების გზით, სიტუაციის შემდგომი გაუარესებისაგან თავის აცილების მიზნით პრევენციული ნაბიჯის მნიშვნელობას.

გამოსვლაში მინისტრი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებული და დევნილი პირების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების შეზღუდვას.


„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების არარსებობა ვერ იქნება და არ უნდა ქმნიდეს დაბრკოლებას იმ ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, რომლებიც მოკლებულნი არიან მინიმალურ უსაფრთხოების ზომებს დევნის საშიშროების პირობებში. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში კი ადამიანის უფლებათა საბჭოს, მტკიცე პოზიცია არსებითია. რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება, იქნება ეს საქართველოსა თუ უკრაინაში, შეუძლებელია მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე. თუმცა ადგილზე პოზიტიური ცვლილებების ერთადერთი გზა ვალდებულებების შესრულების დაწყებაა“- განაცხადა ზალკალიანმა.


მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს მთავრობისა და კერძო უწყებების სერვერებსა და ვებგვერდებზე განხორციელებულ, ფართომასშტაბიან კიბერ-თავდასხმაზე, რაც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის კიდევ ერთ განზომილებას წარმოადგენს, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიული განვითარებას.


„მადლიერი ვარ ყველა საერთაშორისო პარტნიორის ამ შეტევის დაგმობისთვის, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეებისა და სამთავრობო სტრუქტურებისათვის ზიანის მიყენებას, სხვადასხვა ორგანიზაციის ფუნქციონირების შეფერხებისა პარალიზების გზით“- აღნიშნა ზალკალიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930