26-02-2020
"ფქვილი, შაქარი და ზეთი - ასეთი დახმარება მიიღო ჭიათურის რაიონის სოფელ წირქვალის მოსახლეობის ნაწილმა, თუმცა რისთვის აძლევს მათ გამგეობა ამ დახმარებას და როგორ შეარჩიეს ბენეფიციარები, უცნობია"-ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" 2012 წლის 7 აგვისტოს ნომერში, ანუ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე წერს.
ცნობისთვის: ამ პერიოდში აბსოლუტურ ძალაუფლებას "ნაციონალური მოძრაობა" და ამჟამად ძებნაში მყოფი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფლობდა.
სტატიის თანახმად:
"ადგილობრივები ამბობენ, რომ დახმარება ხელისუფლებისგან მიიღეს, თუმცა ჭიათურის გამგეობა და მერია ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს...
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით კი საქმე წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვასთან გვაქვს.
როგორც "ქართული ოცნების" ჭიათურის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ციცქიშვილმა "რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, ჰუმანიტარული ტვირთი სოფელში გვიან ღამით გამგეობის თანამშრომლებმა მიიტანეს და სპეციალური სიის მიხედვით გაანაწილეს.
მისივე თქმით, დახმარება მხოლოდ წირქვალის მოსახლეობას არ მიუღია.
"სოფელ წირქვალის გარდა დახმარება სოფელ პერევისაშიც დარიგდა, თუმცა რამდენმა ოჯახმა მიიღო, ამის ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება წირქვალში დარიგებულ პროდუქტებს, ის სოფლის მაცხოვრებლების ნაწილმა, დაახლოებით 150-მა ოჯახმა მიიღო.
რა კრიტერიუმებით შეაფასეს და გამოყვეს ეს ოჯახები არ ვიცით. გამგეობაში აცხადებენ, რომ დახმარება მიწისძვრით დაზარალებულებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მიწისძვრა დღეს და გუშინ არ მომხდარა. დამანგრეველი მიწისძვრა ჭიათურაში 21 წლის წინ იყო და მოსახლეობაც მაშინ დაზარალდა, დახმარებებს კი დღეს არიგებენ"-განაცხადა ციციქიშვილმა.
მისივე თქმით, გარდა პროდუქტებისა, მოსახლეობის ნაწილმა გამგეობისგან სამშენებლო მასალებიც მიიღო.
"ამ დახმარებას მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს აძლევენ. იმ ოჯახებს კი, რომლებზეც იციან, რომ მათი მხარდამჭერები არ არიან, ახლოსაც არ იკარებენ. ხალხი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით დაყვეს და დახმარება ისე დაურიგეს"-განაცხადა ციცქიშვილმა.
თავად სოფელ წირქვალის მაცხოვრებლების თქმით კი, სია წინასწარ იყო შედგენილი და ის ქუთაისიდან ჩაიტანეს. ვინც მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერდა, დამხარება მხოლოდ მათ შეხვდათ.
სოფლის მცხოვრები მ. მჭედლიძე აცხადებს, რომ საჩუქარი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელით მიიღო.
"პრეზიდენტმა გამოგვიგზავნა ეს საჩუქარი, აბა სხვა ვინ დაგვეხმარებოდა?"-განაცხადა მჭედლიძემ "მე-9 არხთან" საუბარში.
აღნიშნული ფაქტი მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ლელა ტალიურმა შეაფასა:
"თუ მოსახლეობის შერჩევა მოხდა და აქტივობა ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის, მაშინ საქმე ამომრჩევლის მოსყიდვასთან გვაქვს"-განაცხადა ტალიურმა.
წყარო: გაზეთი "რეზონანსი" 07.08.2012წ