26-02-2020
„მომდევნო წლების პრიორიტეტი ფისკალური კუთხით სახელმწიფო საწარმოთა სექტორში დაგეგმილი რეფორმები იქნება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელში: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები“. მასთან ერთად, პანელის სპიკერებად მოწვეულები იყვნენ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.
ფინანსთა მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოთა კლასიფიკაციის პროცესი, რაც მოიაზრებს საწარმოთა დაყოფას ორ კატეგორიად: სახელმწიფო კორპორაციებად და არაკომერციულ საწარმოებად.
„ჩვენ უკვე ვიწყებთ სახელმწიფო საწარმოების კლასიფიირებას და შემოგვაქვს ორი ჯგუფი - ერთი სახელმწიფო კორპორაციები, რომლებიც არის გამართული და ეკონომიკურად მდგრადი და მეორე, არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად სხვადასხვა სოციალურ ან არაკომერციულ ტვირთს ატარებენ და აქედან გამომდინარე, მათი ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფისკალური რეფორმის კუთხით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ასეთი ორგანიზაციების ვალდებულებები და ხარჯები სრულად აისახება ანგარიშგებაში და იქნება დამატებითი სტიმული მათი ეფექტიანობის გაზრდისთვის.