გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპის საბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარდება

26-02-2020

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დღეს სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.


„სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გადატანის შესახებ. მოგეხსენებათ, 2019 წლის ნოემბერში, როდესაც საფრანგეთისგან თავმჯდომარეობა გადმოვიბარეთ, განვაცხადეთ ჩვენი სურვილის შესახებ, რომ მინისტერიალი ჩატარებულიყო საქართველოში და თბილისი ყოფილიყო მასპინძელი. ეს იყო ჩვენი მართლაც გულწრფელი სურვილი, გვემასპინძლა ასეთი მნიშვნელოვანი, მაღალი დონის ღონისძიებისთვის, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იქნებოდა, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გავაკეთეთ 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან, გენერალურ მდივანთან კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია და გვემოქმედა ორგანიზაციის წესდების გათვალისწინებით, რადგან ჩვენ გვავალდებულებს, ჩავატაროთ მინისტერიალი ამ ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ამავე დროს არ დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მინისტერიალის თბილისში ჩატარების შემთხვევაში, საქართველოს ღონისძიებაში ყველა ქვეყნის მონაწილეობის უზრუნველყოფა ევალებოდა.


„მოგეხსენებათ, რასთან არის დაკავშირებული ჩვენი კანონმდებლობა. მათ შორის, მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. ჩვენ გვევალებოდა, უზრუნველგვეყო უკლებლივ ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ამიტომ ვიყავით მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი განგვეხილა. მინდა, გითხრათ, რომ არსებობს სხვა ქვეყნების პრეცედენტები, როდესაც გამოინახა ამის შესაძლებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც, ჟენევაში როდესაც შევხდი გენერალურ მდივანს, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია მაისში თბილისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უთანხმოება გამოიწვია რუსეთის დელეგაციის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სესიაში შესაძლო მონაწილეობამ.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930