26-02-2020
საქართველოში სამედიცინო პირბადეების დეფიციტია - ქვეყანაში კორონავირუსის ზრდის პარალელურად, საზოგადოების ნაწილი ცდილობს, ნიღბების დიდი რაოდენობა შეიძინოს და ვირუსს, დაფიქსირების შემთხვევაში, მომზადებულები შეხვდნენ.
"თითო მომხმარებელზე მაქსიმუმ 10 პირბადე"
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები წერენ, რომ აფთიაქების დიდ ნაწილში პირბადეები საერთოდ არ აქვთ, ან - ფასი მკვეთრად არის გაზრდილი.
ერთ-ერთი მომხმარებელი, თამარ მუკბანიანი "რუსთავი 2"-თან აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ აფთიაქებში თითო მომხმარებელზე მაქსიმუმ 10 პირბადის გაყიდვა იყო ნებადართული. მისი თქმით, მოსახლეობა იძულებულია, იმ ფასში იყიდოს პირბადე, რა ფასსაც აფთიაქები სთავაზობენ. მუკბანიანმა ხუთი დღის წინ აფთიაქში მხოლოდ 5 პირბადის შეძენა შეძლო.
"გარდა იმისა, რომ მაღაზიებში და აფთიაქების ნაწილშიც, პირბადეები დეფიციტურია, ფასიც გაზარდეს. შედიხარ აფთიაქში და გეუბნებიან, რომ უბრალოდ ახლა არ აქვთ. არადა, აშკარაა, რომ არ არიან მზად და დეფიციტია. იქ კი, სადაც პირბადე აქვთ, ფასი გახუთმაგებულია,”- აღნიშნა თამარ მუკბანიანმა.
კატო კობახიძე კი ჰყვება, რომ საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში პირბადე 2 ლარად შეიძინა, მას აფთიაქში უთხრეს, რომ იმ კონკრეტულ ფილიალში მხოლოდ 6 ნიღაბი ჰქონდათ.
რას ამბობენ აფთიაქებში
როგორც ირკვევა, ქართული სააფთიაქო ქსელების ნაწილი პირბადეებით ჩინეთიდან მარაგდება - ქვეყნიდან, სადაც კორონავირუსის აფეთქება დაიწყო.
კომპანია "ავერსის" პიარმენეჯერი ლალი ბრეგვაძე "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს აღნიშნავს, რომ აფთიაქში პირბადის ფასი უცვლელია და კვლავ 18 თეთრი ღირს, თუმცა მისი თქმით, ქსელში პირბადეების დეფიციტი ნამდვილად არის.
"ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ პირბადეები "ავერსში“ გაძვირდა, თუმცა დეფიციტი, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე - საქართველოშიც არის. ის კომპანია, რომელიც პირბადეებით გვამარაგებდა, არის ჩინური და ლოგიკურია, ახლა ვეღარ გვაწვდის მარაგს. ვცდილობთ, პრობლემა გადავჭრათ, რომ ქსელი მოვამარაგოთ პირბადეებით, თუმცა კომპანიები, რომლებიც თანხმდებიან პირბადეების მარაგის შევსებაზე, იქ ძალიან ძვირი ღირს და იმხელა ცვლილებაა ფასში, რომ ჩამოტანას აზრიც არ აქვს. ძალიან ძვირს გვთხოვენ და ჩვენც ვფიქრობთ, რა შეიძლება, რომ პრობლემის გადასაჭრელად მოვიმოქმედოთ,“- განაცხადა „რუსთავი 2-თან“ ლალი ბრეგვაძემ.
ფასების ზრდას უარყოფენ "ჯიპისიშიც". კომპანიის წარმომადგენელი, თეა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ფასი უცვლელია - 20 თეთრი და პირბადეების მარაგი საწყობშიც საკმარისად აქვთ.
რას აპირებს სახელმწიფო პირბადეების მარაგის შესავსებად
აფთიაქებში შექმნილი დეფიციტის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრსაც აქვს - ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მისი უწყება ქვეყნის ნიღბებით მომარაგებისთვის მუშაობს.
"ეს დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და რა თქმა უნდა, საქართველო ამ შემთხვევაშიც, გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით, დამატებით შემოიტანონ," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ნიღბების დეფიციტი მსოფლიოში
მსოფლიოში პირბადეების დეფიციტია შექმნილი, რაც, ძირითადად, კორონავირუსის შიშით და პანიკით არის გამოწვეული. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აზიაში აფთიაქებსა და ონლაინმაღაზიებში პირბადეების შეძიენა ძალიან რთულია. ამერიკული მედია წერს, რომ მომხმარებლების უმეტესობა პირბადეებს პრევენციის მიზნით ყიდულობს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს მოსახლეობას, პირბადეები რაციონალურად გამოიყენონ.