27-02-2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რეკომენდაციების თანახმად, სამუშაო ადგილას საჭიროა სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა. კერძოდ, საჭიროა ზედაპირების (მაგალითად, მაგიდების) და საგნების (მაგალითად, ტელეფონების, კლავიატურის) რეგულარულად გაწმენდა სადეზინფექციო საშუალებებით, ვინაიდან თანამშრომლების ან მომხმარებლების მიერ ზედაპირების დაბინძურება კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზაა.
თანამშრომლებმა, კონტრაქტორებმა ან მომხმარებლებმა რეგულარულად და კარგად უნდა დაიბანონ ხელები. საამისოდ, სადეზინფექციო დოზატორები თვალსაჩინო ადგილას უნდა მოთავსდეს და ისინი რეგულარულად უნდა ივსებოდეს.
სამუშაო ადგილას ხელის დაბანვის მოწოდების შემცველი პოსტერები უნდა განთავსდეს. პერსონალს, კონტრაქტორებსა და მომხმარებლებს წვდომა უნდა ჰქონდეთ იმ ადგილებზე, სადაც მათ ხელების დაბანა საპნით და წყლით შეეძლებათ, ვინაიდან ხელების დაბანვა ვირუსს კლავს და კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის.
სამუშაო ადგილას რესპირატორული ჰიგიენის კარგი პირობები უნდა იყოს დაცული. რეკომენდირებულია შესაბამისი პოსტერების ჩამოკიდება. სამუშაო ადგილზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირბადეები და / ან ქაღალდის ხელსახოცი, მათთვის, ვინც სამსახურში ახველებს ან ვისაც სურდო აქვს.
სასურველია თანამშრომლებმა და კონტრაქტორებმა საქმიან მივლინებებში გასვლამდე კონსულტაცია გაიარონ. მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ თუ მათ გარშემო კორონავირუსი ვრცელდება, ნებისმიერი პირი, რომელსაც თუნდაც ზომიერი ხველა ან დაბალი სიცხე (37.3 ან მეტი) აქვს, სახლში უნდა დარჩეს. ეს წესი ვრცელდება მათზეც, ვისაც მარტივი მედიკამენტების მიღება მოუწია, მაგალითად, პარაცეტამოლის/აცეტამინოფენის, იბუპროფენის ან ასპირინის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის სიმპტომების შენიღბვა.სახლში დარჩენაა საჭირო, თუნდაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები ჰქონდეთ.
ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ და თანამშრომლებს განუმარტონ, რომ სახლში გატარებული დღეები ავადმყოფობის გამო შვებულებად ჩაეთვლებათ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.