27-02-2020
კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად, გარკვეული ცვლილებები შევიდა უკვე არსებულ, 28 იანვრის განკარგულებაში.
ახალი, მიმდინარე წლის 26 თებერვლით დათარიღებული განკარგულების თანახმად, 2020 წლის პირველ მარტამდე შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა შეიმუშაონ და დაამტკიცონ საკუთარი სპეციალური ოპერატიული გეგმები, შესაბამისი ფინანსური გათვლებით. ფინანსთა სამინისტროს კი, დაევალოს დამატებითი ფინანსური რესურსის საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სათანადო ასიგნებების გამოყოფა სახელმწიფო უწყებებისთვის ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი დაწესებულებებისთვის.
განკარგულებას თან ახლავს დანართი – „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა,“ რომლის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და დახმარების მიზნით, უნდა მოხდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ორგანიზება მოსახლეობისთვის აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეწყვეტის გარეშე, საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის, ასევე სწორად ინფორმირების უწყვეტი უზრუნველყოფა.
დანართის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უნდა უზრუნველყოს სკრინინგის პროტოკოლის შემუშავება, სკრინინგის განხორციელება, საჭიროების შემთხვევებში, საეჭვო ან დადებითი ნიმუშების გადაგზავნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ლაბორატორიაში დამატებითი კვლევებისთვის, კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრების კარანტინი, მათი შემდგომი იზოლაციისა და შეზღუდვის მიზნით, ასევე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების პესრონალის უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით.
განკარგულების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა შესაბამისი აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიების კოორდინირებასა და სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას, პაციენტების, ასევე იზოლაციისა და შეზღუდვის მიზნით, მოქალაქეთა ტრანსპორტირებისას სასწრაფო დახმარების მანქანებისა და სხვა ტრანსპორტის გადაადგილებაში დახმარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დაავადების კერის იზოლაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
შსს-ს ვალდებულებებს შორის ასევე არის: კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისთვის ქვეყანაში შემოსვლისას სამახსოვროს დარიგება, კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია.
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს კორონავირუსის გავრცელების არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი (მათ შორის ირანის სამი ძირითადი) გამშვები პუნქტების გავლით შემოსული, მათ შორის ტრანზიტული მგზავრების მართვას და თითოეულ ასეთ შემთხვევაზე დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია: „ეთხოვოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისთვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება კორონავირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების ღონისძიებების შესახებ“.
ეკონომიკის სამინისტროს ნაწილში კი, დოკუმენტში ნათქვამია, რომ უწყებამ უნდა უზრუნველყოს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ასევე, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებითი შეწყვეტა ჩინეთთან და ირანთან. ამასთან, შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც აღნიშნული ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით, აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია გადახედილ იყოს ეპიდსიტუაციის რისკის გათვალისწინებით.
„აეროპორტების გაერთიანებას“ დოკუმენტი ავალებს საკუთარი სახსრებით თერმოსკანერებისა და შესაბამისი აღჭურვილობის დაუყოვნებლივ შესყიდვას საერთაშორისო აეროპორტებში განთავსების მიზნით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, უზრუნველყოფს: შესაბამისი საელჩოების ინფორმირებას მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მათი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ შემოღებული დამატარებითი რეგულაციების თაობაზე; საქართველოს მთავრობის ინფორმირებას კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ასევე სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების კორონავირუსის დიაგნოზის დადგენის შემთხვევის შესახებ; გარდა ამისა, მაღალი რისკის ზონად ნომინირებულ ქვეყნებთან დროებით სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობის განხილვას.
დოკუმენტის თანახმად, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს სისტემაში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებას.