27-02-2020
დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთა, აუცილებელი არ არის, ხელი სტაცოთ ყველა მოაჯირს, თუ ეს არ გჭირდებათ - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს ხელების ხშირი დაბანისკენ მოუწოდებს.
ეს განცხადება მან კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ში გრიპი ყოველწლიურად 25 ათასიდან 69 ათასამდე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება.
„ალბათ გსმენიათ, მე ამას ხშირად ვაკეთებ. დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთა. აუცილებელი არ არის, ხელი სტაცოთ ყველა მოაჯირს, თუ ეს არ გჭირდებათ. თქვენ იცით, ჩვეულებრივი ქმედებები, რასაც გრიპის დროს აკეთებთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის ლიდერის თქმით, ამერიკელების ჯანმრთელობისთვის კორონავირუსი დაბალ რისკს წარმოადგენს, თუმცა ქვეყანა ყველაფრისთვის მზად არის.