27-02-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ როგორღაც თავი შეიკავონ კოცნისგან და ხელის ჩამორთმევისგან.
ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, პირველი რეკომენდაცია პირადი ჰიგიენის დაცვაა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.