2-03-2020
„ჩვენი ხელისუფლების და განსაკუთრებით, პარლამენტის, შემდეგი ოთხი წლის ამოცანა, იქნება სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართვა, ნდობის გაძლიერება და მათი მოსაზრებების, უკუკავშირის გაზიარებისთვის ოპტიმალური გარემოს შექმნა - პირადად მე, ღია მმართველობის საბჭოს ვხედავ ამ განზომილებაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დებულებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დებულების განახლება უფრო მეტად შეუწყობს ხელს დამოუკიდებელ დეპუტატებსა და სუბიექტებს საპარლამენტო ოპოზიციიდან, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საბჭოს მუშაობაში.
„ვინაიდან პარლამენტში კონფიგურაცია შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ დამოუკიდებელი ჯგუფები და საპარლამენტო ოპოზიციის განაწილება დღეს არის განსხვავებული, გვქონდა არაერთი მომართვა, სადაც სხვა სუბიექტებსაც ჰქონდათ სურვილი, რომ ჩართულიყვნენ საბჭოს საქმიანობაში, რის საშუალებასაც დებულება არსებული რედაქციით არ იძლეოდა - ამიტომ ვცვლით დებულებას”,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე ინფორმაციით, საბჭოს განახლებულ შემადგენლობას და საქმიანობას ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა უხელმძღვანელებს.
სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის მიმდინარე წლის გეგმებისა და დღის წესრიგის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მოახლოებული არჩევნების გამო, ეს წელი სტანდარტული არ იქნება და ამ რეალობის გათვალისწინება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსაც მოუწევს.
„ვეცდებით, რომ წლის პირველ ნახევარში, მაქსიმალურად ამოვწუროთ საპარლამენტო ზედამხედველობის და კანონშემოქმედებითი მუშაობის გეგმა, რომელიც ამ მომენტში დამუშავების პროცესშია”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე წელს მთავარ ამოცანად საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა რჩება, რომელიც მრავალ კომპონენტს მოიცავს, გარდა ამისა, არის ეუთოს რეკომენდაციები, რომელიც ბევრს მნიშვნელოვან საკითხს ფარავს. „პარლამენტის ძირითადი ძალისხმევა ზედამხედველობასთან ერთად დაიხარჯება ამ მიმართულებით”,- აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა. მისი შეფასებით, აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს ნდობის გაძლიერებას და უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.