2-03-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა , რომ ნიკა გვარამიამ მას ბევრი ტალახი ესროლა.
„მე არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ ის რაც ნიკა გვარამიამ იკადრა ჩემს მიმართ საწყენია. ჩემთვის ბევრჯერ უსვრიათ ტალახი, ძალიან ტოლერანტული ვარ, როცა საქმეს აკეთებ ხშირად გესვრიან ტალახს, ბევრჯერ გამომიცდია, მაგრამ ყველაზე საწყენია დაუმსახურებლად ტალახის სროლა. გვარამიამ ბევრი ტალახი ისროლა. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ექიმებს ვინც გვარამიასთან ერთად გადაცემაში იღებდნენ მონაწილეობას და მას არ აყვნენ ამ პოლიტიკურ აჟიოტაჟში, რადგან ისინი პროფესიონალები არიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ყველაზე საწყენი ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობის დაუფასებლობაა.
„მას სურდა რომ მე ჩავეთრიე... მე მას დავთანხმდი, რომ მივიდოდი მასთან ეთერში და ვისაუბრებდი რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ოღონდ ერთი პირობით რომ ამას არ ექნებოდა პოლიტიკური სარჩული. მათ უნდოდათ ჩემი პოლიტიკურ სცენარში ძალით ჩართვა. მე არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.