3-03-2020
კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია) ჩამოსული მგზავრების, სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაყვანის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ელგუჯა ბერანძის თქმით, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო სივრცეები, (საველე კარვები) ყველა საერთაშორისო აეროპორტსა და საბაჟო გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.
,,შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირების (ექიმი-ეპიდემიოლოგები) მიერ ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მგზავრები მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დროებით საველე კარვებში განთავსდებიან“, - განაცხადა ელგუჯა ბერანძემ.
როგორც მან აღნიშნა, მგზავრთა გადაადგილების შესახებ ინფორმაციის დამუშავების პროცესში, შემოსავლების სამსახური 24-საათიან რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან.