3-03-2020
პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით შეხვედრები რეგიონებში გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნების მინისტრი ტიტე აროშიძე ბათუმსა და ქობულეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის მაღალი სტანდარტი და ნარჩენების მართვის სტრატეგია აქვს. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მაქსიმალური შემცირება და სავაჭრო ქსელებიდან ამოღება. სწორედ ამ მიზნით ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონების მასშტაბით. ჩვენი მიზანია საკითხს კომპლექსურად მივუდგეთ და მუშაობა გავააქტიუროთ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევებზე კონტროლს პარკების რეალიზაციისას ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, იმპორტისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, ხოლო წარმოებისას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს პლასტიკის პარკების მაქსიმალური შემცირება და მათი ბიოდეგრადირებადი პაკებით ჩანაცვლება, რადგან პლასტიკის პარკები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმები განიხილეს. ამასთან, რეგლამენტის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ტექნიკური რეგლამენტის დეტალებსა და მონიტორინგის სისტემების აღსრულების გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ბათუმისა და ქობულეთის მერიისა და საკრებულოების, აჭარის გარემოს დაცვის სამსახურისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.