გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების სისტემის განვითარებისთვის მსოფლიო ბანკი 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს

4-03-2020

განათლების სისტემის განვითარებისთვის მსოფლიო ბანკი 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს.


საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისთვის მსოფლიო ბანკი 102.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს.


5 მარტს, 12:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება კონფერენცია მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ შესახებ, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია გახსნიან. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.


პროექტს „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“  ხუთი ძირითადი მიზანი აქვს:


• სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

• სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

• უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება;

• სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება;

• პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.


პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება პედაგოგიკასა და სასწავლო პროცესში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაზე, ხარისხსა და ინოვაციებზე სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტის უშუალო ბენეფიციარებს შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.


პროექტი უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის პრინციპებით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების (სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობებისა  და განსაკუთრებული სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას.  განახლებული აკადემიური პროგრამებით პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.


განათლების სისტემის განვითარების მხარდამჭერი აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის მომზადებას  21-ე საუკუნის შრომითი ბაზრისა და ეკონომიკისთვის.


პროექტი სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან პარტნიორობის  2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018-2023 წლებში განათლების რეფორმის განხორციელებაში. პროექტი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ  დირექტორთა საბჭომ 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა და დაფინანსების ხელშეკრულება  ხელმოწერილ იქნა იმავე წლის 18 ივნისს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930