გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლაცაბიძის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

5-03-2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს საქმის განხილვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.


სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და სასამართლოს განაჩენით დადგენილი იქნა, რომ:


2004 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ “ომეგა ჯგუფის” კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი გეგმა, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და მისი მოადგილის გიორგი ლაცაბიძის მიერ იქნა განხორციელებული.
გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და საგადასახადო რევიზია ბიზნესმენ ზ.ო.-ს კუთვნილი „ომეგა ჯგუფის“ მიმართ, რომელიც იმჟამად საქართველოში ახორციელებდა ტელემაუწყებლობას ,,იბერია ტვ“-ს სახით, ასევე საგამომცემლო და სამეწარმეო საქმიანობას.


ამასთან, ,,ომეგა ჯგუფი”-ს ყველა ოფისში, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიაშიც“ განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი შენობებიდან გაყარეს, რამაც გამოიწვია ტელეკომპანია „იბერიის“ და გაზეთ ,,ახალი ეპოქის“ საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება.


აღნიშნულის შემდგომ, 2004 წლის შემოდგომას, გიორგი ლაცაბიძემ გენერალურ პროკურატურაში დაიბარა ,,ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ლ.ა., რომელსაც „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარების და კომპანიის ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გაყვანის სანაცვლოდ „იბერია ტვ-ს“ სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოსთხოვა.


ვინაიდან ხსენებული პირობის შესრულება „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესის გადარჩენის და საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი გზა იყო, კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ თანხმობა განეცხადებინათ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის უკანონო მოთხოვნაზე და მოგვიანებით ამის შესახებ გიორგი ლაცაბიძეს აცნობეს. ამის პარალელურად, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა თავისთან დაიბარა იმჟამინდელი ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარე დ.ქ. და აცნობა, რომ ტელეკომპანია „იბერია ტვ“ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა, რის გამოც ტელეკომპანიას მაუწყებლობა უნდა შეწყვეტოდა, ხოლო მაუწყებლობის ლიცენზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეულიყო, რა მიზნითაც დ.ქ.-ს უნდა უზრუნველეყო წილების დათმობის და გადაფორმების იურიდიული პროცედურები და მოეძებნა სანდო პირი, რომელსაც ლიცენზიას გადასცემდნენ.


პროკურატურის მიერ შემუშავებული ლიცენზიის დათმობის დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2004 წლის 7 დეკემბერს, ლ.ა. და „იბერია ტვ“-ს დამფუძნებლები დაიბარეს კოსტავას ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუს ნ.გ.სთან, სადაც ხელი მოაწერეს დ.ქ.-ს მიერ წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომლის თანახმადაც შპს „იბერია ტვ“ გაიყო ორ სუბიექტად და სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ შპს „ტელეკომპანია აისი“ ტელელიცენზიის ნაწილში, რომელსაც გადაეცა №702 საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია და შპს „იბერია ტვ“, რომელსაც გადაეცა დანარჩენი ქონება. აღნიშნულის შედეგად, „ტელეკომპანია აისის“ დირექტორი, 100% წილის მფლობელი და შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მესაკუთრე გახდა დ.ქ.-ს მეგობარი დ.კ., ხოლო შემდეგ ბ.ნ.


2007 წლის 12 სექტემბერს, ზურაბ ადეიშვილის მითითებით დ.ქ.-მ ტელეკომპანიის ლიცენზია საკუთარი მეგობრის ბ.ნ.-სგან ფიქტიური ხელშეკრულებით ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ პირზე ი.მ.-ზე გადააფორმა, რომელმაც, თავის მხრივ, 2012 წლის 21 თებერვალს იგი შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ გადასცა და ლიცენზია კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის გ.ა.-ს ხელში აღმოჩნდა.


მხოლოდ მას შემდეგ რაც „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებმა შეასრულეს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა, მთავრობის დადგენილებით მოხდა „ომეგა ჯგუფის“ გადასახადების რესტრუქტურიზაცია და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმაც დატოვეს „ომეგა ჯგუფის“ ტერიტორია.
ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის იძულებით დათმობას კი შედეგად მოჰყვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼ და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. გიორგი ლაცაბიძეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼ და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930