5-03-2020
მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
„ამ ცვლილებას მოსახლეობა ითხოვდა. ეს საკითხი შიდა ქართლში, ფერმერებთან პრემიერის შეხვედრაზეც გაჟღერდა, რადგან აქტუალურია საოკუპაციო ხაზის მდებარე სოფლებში წყლითუზრუნველყოფის საკითხი. ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს და მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ჭის, ჭაბურღილების და სატუმბი სისტემების დამონტაჟების შემთხვევაში სახელმწიფო 50%-იან თანადაფინანსებას მოახდენს. იმისთვის, რომ პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარების ბაღები კლიმატური რისკებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული, წახალისდება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟება და თანადაფინანსება. ეს თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟების საშუალებას მისცემს იმ ფერმერებს, რომლებიც ახალ ბაღებს გააშენებენ ან არსებული ბაღების მოდერნიზაციით არიან დაინტერესებულნი. მნიშვნელოვანი ცვლილებაა პროგრამაში ახალი კულტურის დამატება. დაფნა საკმაოდ საინტერესო სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. საქართველოს ამ კულტურის წარმოების ტრადიციები ჰქონდა. ქართული დაფნა ახალ ბაზრებზე შედის. იზრდება მისი ექსპორტიც. ქართული დაფნის ექსპორტი უკვე ხორციელდება, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ევროპის ქვეყნებში. კომერციული ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას „დანერგე მომავალი“ დაფნის კულტურის გაშენების თანადაფინანსებაც დაემატება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პროგრამაში შესული ცვლილებების თანახმად, პოტენციურ ბენეფიციარებს სეტყვის დამცავი სისტემების მოწყობა და ჭა/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობა შეეძლებათ, როგორც არსებული, ასევე გასაშენებელი ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის. ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ ვენახის, ვაშლის, მსხლის და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა ღირებულების არაუმეტეს 10%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - არაუმეტეს 20%-ისა.
იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, 1 ჰექტარზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსება მოიცავს მაქსიმუმ 7 300 ლარს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში - 14 600 ლარს. ბენეფიციარებს ასევე დაუფინანსდებათ ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 15,000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების შემთხვევაში - არაუმეტეს 60%, მაგრამ არაუმეტეს 18,000 ლარისა. მოსახლეობის მხრიდან მაღალი მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამის „დანერგე მომავალი“ გასაშენებელი კულტურების ჩამონათვალს დაფნის კულტურაც დაემატა.