საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო იტალიასთან ფრენების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციას ჯერჯერობით არ გასცემს.
"ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი. ყველა ის შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა, ჩვენი აქტიური მუშაობით გამოვლიდა. ამ მუშაობის გამო მადლობას ვუხდი, ყველა იმ პირს, რომლებიც მუშაობენ საზღვარზე, ესენი არიან მესაზღვრეები თუ ჩვენი პერსონალი, რომელიც ადგილზე გვყავს მივლენილი. სისტემა არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებს და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ასეთი ზომების აუცილებლობა არ არსებობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროსთვის, რასაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგად ართმევს თავს", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.