5-03-2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრო.
„საქართველოს მთავრობა წყლის რესურსების მართვის ახალი პოლიტიკის შემუშავებას ახორციელებს. აღნიშნულ პროცესში ყველა კომპეტენტური უწყების, საჯარო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა აუცილებელია, რადგან არსებული კლიმატური ცვლილებების ფონზე, მნიშვნელოვანია შევქმნათ წყლის რესურსების მართვის ისეთი პოლიტიკა და სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, წყლის რაციონალურად გამოყენებას, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურ წყალუზრუნველყოფას განაპირობებს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ეროვნული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე წყლის რესურსების მართვის სექტორში არსებული პრაქტიკული გამოცდილება განიხილეს და გარემოსადაცვითი პრინციპების გათვალისწინებით, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წყლის რესურსების მართვის სექტორში ახალი მიდგომების დანერგვა ხელს შეუწყობს წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების სერვისების, ასევე გარემოსდაცვითი აქტივობების გაუმჯობესებას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში, წყლის მართვის სექტორში ტექნიკური დახმარების ყველაზე დიდ პროექტს ვახორციელებთ. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში უკვე საკმაოდ პოზიტიური შედეგები გვაქვს. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ვეცდებით, საქართველოს დავეხმაროთ როგორც წყლის ხარისხის გაუმჯობესების, ასევე მისი მონიტორინგის მიმართულებით“, - აღნიშნა პროექტის EUWI+ ლიდერმა, ალექსანდრე ცინკმა.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.
საქართველოში წყლის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნების მიხედვით, წყლის რესურსების აუზური მართვის პრინციპების დანერგვაა, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად მდინარეების აუზების მართვის გეგმების შემუშავებას და წყლის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას მოიცავს.
საკოორდინაციო შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით, პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის” (EUWI+) მხარდაჭერით გაიმართა.