6-03-2020
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 2020 წლის 5 მარტს გაიმართა, სადაც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-თავდასხმების საკითხი განხილეს.
სხდომაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აგრეთვე საბჭოს სხვა წევრებმა გასული წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავრობისა და მედია საშუალებების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელებული კიბერ-თავდასხმები დაგმეს.
„რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (გრუ) მიერ ორგანიზებული კიბერ ოპერაციების მიზანი განხეთქილების დათესვა და საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების მოშლა იყო“ - ნათქვამია სხდომის შემდეგ ესტონეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს წარმომადგენლების მიერ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, „ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს“. ამასთან, ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას საკუთარი თავი კიბერსივრცის პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და მთელი რიგი ქვეყნების წინააღმდეგ გრუ-ს თავზეხელაღებული კიბერთავდასხმების უწყვეტ სქემას ააშკარავებს.
საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-თავდასხმები, როგორც ცალკე საკითხი, უშიშროების საბჭოზე პირველად განიხილეს.