6-03-2020
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მუხურის მთაზე ხანძრის ქრობის პროცესში 45 მეხანძრე-მაშველია ჩართული. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.
ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, ხანძრის დასახლებულ პუნქტზე ან ტყის მასივზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთაზე, ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ბალახსა და ეკალბარდზე.
მთელი ღამის განმავლობაში, უსაფრთხოების და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.