6-03-2020
ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (EMSA) ახალი კონფიგურაციის მომსახურების შემუშავებას იწყებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც შავი და კასპიის ზღვის რეგიონების (BCSEA) და SAFEMED IV პროექტის მე-2 ფაზაზე გადასასვლელად თავისი მზადყოფნა დაადასტურეს.
გადაწყვეტილება MAREΣ-ის (ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე საზღვაო რაიონების გემების მონიტორინგის ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მე-16 შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული, რომელიც გასული წლის დეკემბერში რომში გაიმართა. საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა და ამავე სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ გეგენავამ.
„შავი და კასპიის ზღვის რეგიონების ავტომატური საიდენტიფიკაციო მონაცემების ურთიერთგაცვლის (BCSEA) და SAFEMED IV საპილოტე პროექტები ევროპული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში საზღვაო გარემოს უშიშროების, უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით ერთიანი და ეფექტური მოქმედების უზრუნველსაყოფად ხორციელდება“, - აცხადებს თამარ იოსელიანი. მისივე თქმით, ამ პროექტებში მე-2 ფაზაზე გადასვლით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ევროპული სტანდარტებით შესრულებას შეძლებს, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის რეპუტაციაზე.
საპილოტე პროექტების პირველი ფაზა მიღებული ინფორმაციის შეკრებას და მათ გაცვლას ითვალისწინებდა SAFEMED / BCSEA არჩეულ წყვილ ქვეყნებს შორის. ეს ქვეყნებია: იორდანია, მაროკო, ტუნისი, საქართველო, უკრაინა და თურქეთი. პროექტის მე-2 ფაზა იტალიის სანაპირო დაცვის კოორდინაციით სისტემა MAREΣ -ის დახმარებით, თანაბარი უფლებებისა და პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით ამ ქვეყნებსა და ხმელთაშუა ზღვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის AIS მონაცემთა გაცვლას გულისხმობს.
ამ მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად ქართული მხარე რამდენიმე წელი მუშაობდა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით საზღვაო სამაშველო-სააკოორდინაციო ცენტრი საზღვაო რადიოკავშირის სანაპირო, სატელიტური და გემების მონიტორინგის უახლესი სისტემით აღიჭურვა და ჩვენი პასუხისმგებლობის 150-მილიან ზონაში საერთაშორისო ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ოპერაციების მაღალი სტანდარტებით კოორდინაციის შესაძლებლობა შეიქმნა. გასულ წელს დასრულდა გემების ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის ეროვნული ქსელის (AIS) ჩამოყალიბება.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს სანაპირო ზოლი სრულიად კონტროლდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ხმელთაშუა ზღვის რეგიონალურ AIS სერვერს (AIS Regional MAREΣ Server) ონლაინ რეჟიმში ვაწვდით მონაცემებს საქართველოს პასუხისმგებლობის არეალში გემების მოძრაობის შესახებ.