6-03-2020
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კორონავირუსის გავრცელების საკითხზე შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან და ავსტრიის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო პარტნიორებთან ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ რეგულაციებზე და ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით.
საფრანგეთის, შვეიცარიის და ავსტრიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია მათი მთავრობების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესახებ.
მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების სიხშირის გათვალისწინებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ინფორმაციის გაცვლას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან.