გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ვინც იტალიიდან აპირებდა გამომგზავრებას მათთვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

6-03-2020

„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ვინც იტალიიდან პირდაპირი რეისით აპირებდა საქართველოში გამომგზავრებას, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ თვალსაზრისით, რომ მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდეს - ამაზე იზრუნებს სახელმწიფო და და ამ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იტალიასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხზე კომენტარისას აღნიშნა.


მისივე თქმით, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრემიერ-მინისტრის თაოსნობით შექმნილია სპეციალური საგანგებო შტაბი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობს კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე.„ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ პირდაპირი ფრენები იტალიასთან, ვინაიდან იტალია განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა, მთავრობის პრიორიტეტი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ნათია თურნავას თქმით, ეს გადაწყვეტილება ტურიზმის სფეროს ინტერესებიდან გამომდინარეც იქნა მიღებული.


„მინდა გითხრათ, ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ჩვენ ვფიქრობთ ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარეც, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხო ტურისტული ბაზრის იმიჯი, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც და თუნდაც ის სტუმრები, ვინც დღეს საქართველოს სტუმრობენ, აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. აქედან გამომდინარე, ყოვლად გამართლებული და დროული გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


რაც შეეხება იმას, თუ როდემდე იქნება შეჩერებული იტალიასთან პირდაპირი ფრენები, ნათია თურნავა კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ზოგადად კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევა შემცირდება, ან საერთოდ განულდება.


„ეს არის ჩვენი მოლოდინი და როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ პირდაპირი ფრენების აღდგენა, რადგან ეს პირდაპირი ფრენები ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მონაპოვარია, ჩვენ ამას გავაკეთებთ. უბრალოდ ახლა კონკრეტული ვადების დასახელება რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩვენი კონტროლის მიღმაა და ჩვენ უბრალოდ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930