გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შესაძლებელია თუ არა ნარკოდამოკიდებულებისგან საბოლოოდ განკურნება

9-03-2020

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბოლო 60 წელია, სისტემატურად აახლებს იმ ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალს, რომელთა მოხმარებისგანაც ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს. ამ სიაში ალკოჰოლური სასმელი ნამდვილად არ არის, მაგრამ როგორც ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია მიუთითებს, ალკოჰოლს ადამიანის ჯანმრთელობისთვის გაცილებით მეტი ზიანის მიყენება შეუძლია, ვიდრე გაეროს ყვითელი სიის ნარკოტიკებს. როდის არის ადამიანი ნარკოდამოკიდებული? რას იწვევს ნარკოდამოკიდებულება და შესაძლებელია თუ არა მისგან სრულად განკურნება?


ითვლება თუ არა ადამიანი ნარკოდამოკიდებულად, თუ ნარკოტიკი ერთხელ გასინჯა


არა. ყველა ადამიანი, რომელიც აკრძალულ ნივთიერებას მოიხმარს, მასზე დამოკიდებული არ ხდება. სპეციალისტები გვირჩევენ, ვიხმაროთ ტერმინი „ადამიანი, რომელიც ნარკოტიკებს მოიხმარს“ (შემოკლებით „ნარკომომხმარებელი“) და არა „ნარკოდამოკიდებული“ ან „ნარკომანი", რადგან ამ სიტყვებს ნეგატიური დატვირთვა აქვთ.

 
დამოკიდებულება არის მდგომარეობა, რომელსაც კონკრეტული კრიტერიუმები ახასიათებს:
- ადამიანს აქვს ძლიერი სურვილი, კონკრეტული ნივთიერება მოიხმაროს;
- ის მოიხმარს ამ ნივთიერებას, მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი მის სოციალურ ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს. მაგალითად, ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებენ ან პირადი ურთიერთობები უფუჭდება;
- თუ ადამიანი ამ ნივთიერებას დიდხანს არ მოიხმარს, სხვადასხვა უსიამოვნო ფიზიკური სიმპტომი ჩნდება;
- ადამიანი ამ ნივთიერებისადმი ტოლერანტული ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სასურველი ეფექტის მისაღებად დოზის გაზრდაა საჭირო;
- ადამიანს ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტის ან მოხმარების კონტროლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. 


მარიხუანის მომხმარებლებს შორის დამოკიდებულება 10%-ს უვითარდება. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც მას ყოველღიურად მოიხმარენ, დამოკიდებულების რისკი გაცილებით მაღალი აქვთ. სტიმულატორების მომხმარებლებში კი ეს რისკი 5%-ია. თუმცა მეტამფეტამინის მოხმარების შემთხვევაში დამოკიდებულება გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე ამ ჯგუფის სხვა ნივთიერების მიღებისას.

იმ ადამიანების დაახლოებით ნახევარი, რომელიც თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ოპიოიდების მომხმარებელი იყო, ამ ნივთიერებებს ბოროტად მოიხმარს ან დამოკიდებული ხდება. იმ პაციენტების 8–12%–ს კი, რომელსაც ოპიოიდები მკურნალობის მიზნით დაუნიშნეს, ასევე მასზე დამოკიდებულება უვითარდება. ამასთან, რაც უფრო მეტხანს იღებს ადამიანი ამ პრეპარატებს, მით მეტია ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი.  


მსგავსი ნივთიერებების რეგულარული მოხმარება ტვინში ეტაპობრივად ცვლილებებს იწვევს, რაც თავის მხრივ დამოკიდებულებას აყალიბებს. რამდენად ინტენსიურად წარიმართება ეს პროცესი, დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორსა და გარესამყაროზე. წამალდამოკიდებულება ხშირად უვითარდებათ იმ ადამიანებს, რომელთა ახლობლებსაც უკვე აქვთ აშლილობის ეს ფორმა, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს ან ვისთვისაც აკრძალული ნივთიერებები ადვილად ხელმისაწვდომია.


მარიხუანით დაწყება ჰეროინზე გადასვლას ნიშნავს? 


ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. აკრძალული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება ნამდვილად არის ოპიოიდური დამოკიდებულების რისკის შემცველი. ამავდროულად უცნობია, არის თუ არა შესაძლებელი აქ პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე საუბარი. თუმცა წარსულში სხვა ნივთიერებების მოხმარება მიუთითებს, რომ ადამიანი მსგავსი დამოკიდებულებისადმი მიდრეკილია. ეს ეჭვები ეხება ძირითადად ზრდასრულ ადამიანებს, რადგანაც ნაკოტიკული ნივთიერებების ბავშვობიდან მოხმარება ტვინის განვითარებაზე უდავოდ მოქმედებს და უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს.


აქვეითებს თუ არა ნარკოტიკები მეხსიერებას?


თუ საუბარია აკრძალული ნივთიერებების გრძელვადიან მოხმარებაზე, კოგნიტური დარღვევები ნამდვილად აღინიშნება. ამ დროს მეხსიერება ქვეითდება, კონცენტრირების პრობლემა ჩნდება და სხვ. ასე ხდება, თუ ხანგრძლივად მოიხმართ მეტამფეტამინს, კოკაინს, მარიხუანას. ეს განსაკუთრებით საშიშია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელთა ტვინიც ჯერ კიდევ ვითარდება. 


აკრძალული პრეპარატების მოხმარებას ნამდვილად შეუძლია ადამიანის პიროვნებაზე ზემოქმედება. ამან შეიძლება ფსიქიკური აშლილობაც გამოიწვიოს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული სახის ფსიქიკური დარღვევისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მოსახსნელად სწორედ ამ აკრძალულ ნივთიერებებს იყენებენ.


ნარკოტიკები - გზა ქურდობისა და ძარცვისკენ?  


წამალდამოკიდებულებას ნამდვილად შეუძლია ადამიანის ასოციალურ ქმედებამდე მიყვანა. ეს შეიძლება იყოს ქურდობა და მკვლელობაც კი. აკრძალული ნივთიერებების მომხმარებელი ადამიანი, შესაძლოა, შეცვლილი ცნობიერების გამო არაადეკვატურად იქცეოდეს.


პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნარკოდამოკიდებულების მქონე ადამიანს პრიორიტეტები ეცვლება. მას შეუძლია რისკიანი და მიუღებელი ნაბიჯები გადადგას, რათა მისთვის საჭირო და აუცილებელი ნივთიერება მიიღოს. ამავდროულად ის უგულებელყოფს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას და არც მის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგი აინტერესებს. ამგვარ ქმედებას განაპირობებს წამალდამოკიდებულების ბუნება, რომელიც სწორედ პრიორიტეტების ასეთ ცვლილებაში მდგომარეობს. თუმცა თუ ადამიანი საჭირო თერაპიულ კურსს იტარებს, ის სხვანაირად იქცევა.


დანაშაულის პრევენციის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი მცირდება, თუ ამ სფეროს დეკრიმინალიზაცია ხდება და ეს ადამიანები საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოებისთვის საზიანოა როგორც არალეგალური ნივთიერებების მოხმარება, ასევე ლეგალური ალკოჰოლური სასმელის მიღება. სტატისტიკურად ამ უკანასკნელის ზემოქმედების შედეგად ჩადენილი დანაშაული ჰეროინის მოხმარებასთან დაკავშირებულ ბოროტმოქმედებას უტოლდება.


შესაძლებელია თუ არა წამალდამოკიდებულებისგან სრულად განკურნება?  


არა, მაგრამ მკურნალობა აუცილებელია. წამალდამოკიდებულება არის ქრონიკული დაავადება. სწორედ ამიტომ ადამიანს შეუძლია მრავალწლიანი პაუზის შემდეგაც ნარკოტიკების მოხმარება განაახლოს, თუმცა მკურნალობა აუცილებელია. ეს ადამიანს საშუალებას აძლევს, ისეთივე ცხოვრების წესი ჰქონდეს, როგორც სხვა არაწამალდამოკიდებულ ადამიანებს.

თუ ადამიანი ხელახლა იწყებს მოხმარებას, ეს იმას არ ნიშნვს, რომ ყველა წინა მცდელობა წარუმატებელი იყო. წამალდამოკიდებულებასთან გამკლავება ძალიან რთულია და მკურნალობის პროცესში ადამიანი შეიძლება ძველ ჩვევას დაუბრუნდეს. ექიმები სულაც არ თვლიან, რომ ეს კატასტროფაა და ასეთ ადამიანს ვერაფრით დაეხმარებიან. აუცილებელია ის ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს და მას მიჰყვეს.  


ოპიოიდური დამოკიდებულების წარმატებული მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებით, ეფექტიანია შემდეგი საშუალებები:


- ფსიქოსოციალური დახმარება (მათ შორის ფსიქოთერაპია);
- შემანარჩუნებელი თერაპია, რომელიც პაციენტს ოპიოიდის მოხმარების ძლიერი სურვილის გაქრობაში ეხმარება; 
- თერაპია, რომელიც პაციენტს ჩანაცვლების სინდრომთან გამკლავებაში ეხმარება; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას მეტადონსა და ბუპრენორფინს უწევს. 
მართალია, ისინი ზემოქმედებენ ტვინის იმავე რეცეპტორებზე, რომლებზეც ოპიოიდები, მაგრამ თერაპიული დანიშნულებით გამოყენებისას ეიფორიის მდგომარეობა არ ახასიათებთ. მკურნალობის ამ მეთოდის შედეგად, ადამიანები  არ იქცევიან, როგორც წამალდამოკიდებულები და უფრო იშვიათად კვდებიან


ყველა ნარკომომხმარებელი შიდსით არის დაავადებული? 


არა. ინექციური ნარკოტიკების მოხმარება ნამდვილად არის რისკფაქტორი, რომ ადამიანი იმუნოდეფიციტის ვირუსით, B ან C ჰეპატიტით დაავადდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს, ინფიცირებულია.

გარკვეული ინფექციების რისკს არაინექციური ნარკოტიკებიც ზრდის. მაგალითისთვის, კოკაინის მოხმარება აივ ვირუსითა და ვირუსული ინფექციებით დაავადებას გაცილებით ხშირად იწვევს. ამის მიზეზი კი კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის არაადეკვატური ქმედებაა. ეს შეიძლება იყოს დაუცველი სექსი პარტნიორთან, რომლის სტატუსიც უცნობია.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930