9-03-2020
თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე თებერვალში ჯერ მილანის, ხოლო შემდეგ პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა.
როგორც იტალიაში, ასევე საფრანგეთში კორონავირუსმა იფეთქა. განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ იტალიაშია, სადაც ლომბარდიის რეგიონში კარანტინია გამოცხადებული. ჩაკეტილია უმსხვილესი ტურისტული ქალაქები, მათ შორის, მილანი.
აღნიშნულის გამო, საზოგადოება ინტერესდება ანუკი არეშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ასევე აინტერესებთ, გაატარა თუ არა თვითიზოლაციაში ორი კვირა თბილისში დაბრუნების შემდეგ. ამ კითხვებით ჟურნალისტებმა კახა კალაძეს მიმართეს.
კალაძე ამბობს, რომ ანუკი იტალიაში ვირუსის აფეთქების პერიოდში არ ყოფილა და კორონავირუსის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა მილანი.
"ჩემი მეუღლე იმ პერიოდში არ იმყოფებოდა მილანში, როდესაც ვირუსი აფეთქდა, მანამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. თუ არ ვცდები, 21-ში დატოვა იტალია, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა რამდენიმე დღით ადრე, სანამ ვირუსი აფეთქდებოდა“, - ამბობს კალაძე.