9-03-2020
თუ გიგი უგულავას წინაშე რაიმე ვალდებულება აქვთ თანაგუნდელებს, მის წინაშე იმართლონ თავი და ამდენ ხალხს ნუ ატყუებენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მემორანდუმის ტექსტის ერთ ნაწილს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ.
,,შეთანხმება შედგა იმ საკითხებზე, რაც წერია მემორანდუმში, რაც წერია შესაბამის დოკუმენტში და იმის იქით არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. მართლმსაჯულება, პროკურატურა, პრეზიდენტი რა ქმედებას განახორციელებენ - ეს მეორე საკითხია. აქ მთავარია ის, რომ შეთანხმება ამაზე არ შემდგარა. თუ გიგი უგულავას წინაშე რაიმე ვალდებულება აქვთ თანაგუნდელებს, მის წინაშე იმართლონ თავი და ამდენ ხალხს ნუ ატყუებენ. როგორ შეიძლება პირიქით თარგმნო და განაცხადო, რომ მოხდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკა ჩაერევა მართლმსაჯულებაში და იქ გათავისუფლებებზე იქნება საუბარი? შეთანხმების ნაწილი ეს საკითხი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა - სახელწმიფო მართლმსაჯულებაში ვერ ჩაერევა.
თუ პასუხისმგებლობაში მიცემული ადამიანის მიმართ სასამართლოში მტკიცებულებები არ იქნება წარდგენილი, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს და იგი იქნება გამართლებული. თუ მტკიცებულებები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მას დანაშული დაუდგინდეს, მაშინ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება და ამაში ჩვენ არ ჩავერევით, „ქართული ოცნების“ არცერთი პოლიტიკური ლიდერი ამას არ აპირებს. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მიიღებს, პროკურატურა და პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ჩვენი საქმე არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.