10-03-2020
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, თუ როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად.
კობახიძის თქმით, 1 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ: გურიას, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთს და მცხეთა-მთიანეთს.
2 მაჟორიტარი დეპუტატით პარლამეტში წარმოდგენილი იქნება შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.
3 მაჟორიტარი ეყოლებათ სამეგრელოს, აჭარას, კახეთს და ქვემო ქართლს.
4 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება იმერეთის რეგიონს, ხოლო 7 მაჟორიტარი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი დედაქალაქი - თბილისი.
„თბილისში ვფიქრობთ, რომ შვიდი საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს – ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რუსთავის შემთხვევაში შეიძლება, საჭირო გახდეს მთელი რიგი მიმდებარე სოფლების დამატება. ფოთის შემთხვევაში საჭირო გახდება დამატებით ორი მუნიციპალიტეტის შეყვანა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იქნება ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარული ოლქი და ა.შ. სხვადასხვა მიზეზის გამო, დიდი მანევრირების საშუალება არ არის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბუნებრივია, არის ევროსაბჭოს სტანდარტი, რომლის მიხედვით გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 15 პროცენტს“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმების მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციული სიით პარლამეტში შესული დეპუტატი ეყოლება საქართველოს პარლამენტს, ასევე არჩევნებზე 40% მქონე პარტიას ექნება უფლება დააკომპლექტოს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო ბარიერი 1% იქნება.