10-03-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ბოლო მონაცემებით, ისევ 15 შემთხვევა ფიქსირდება.
მისივე თქმით, ჩინეთში ეპიდსიტუაცია რადიკალურად გაუმჯობესდა, თუმცა ჩინეთს გარეთ ქვეყნებში გაუარესდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალია, რომელიც წითელ ზონად გამოცხადდა და დღევანდელი მონაცემებით 9 172 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამირან გამყრელიძე მედიას მადლობას უხდის ეპიდსიტუაციის სწორი გაშუქებისთვის და ასევე, ყველა იმ ადამიანს და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა ქვეყანაში არსებული სიტუაცია კონტროლირებადი იყოს.
"საქართველოში გვაქვს 15 დადასტურებული შემთხვევა. აქედან ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს ორ პაციენტს, ესპანეთში ერთს, იტალიაში შვიდს და დანარჩენი 5 ადამიანი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდა. დღეს 23 ნიმუშია გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, 178 ადამიანია კარანტინში და თვითიზოლაციაში 1108 ადამიანი.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მონიტორინგი შსს-ს ხელშეწყობით მიმდინარეობს.