10-03-2020
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ორი ჩარტერული რეისი განხორციელდა. ორივე თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. მგზავრებმა ქვეყანაში შემოსვლისთანავე, ყველა საჭირო და აუცილებელი პროცედურა გაიარეს.
„ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში დაბრუნებული ყველა მგზავრის პასპორტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სპეციალურად გამოყოფილმა მესაზღვრე-კონტროლიორებმა განცალკევებით დაარეგისტრირეს. იტალიიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ადგილზე გაიარეს თერმოსკრინინგის პროცედურა. ასევე, ეპიდემიოლოგების მიერ ადგილზევე შეივსო შესაბამისი დანართი,“ - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსმა - გურამ დავითაშვილმა.
იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, ყველა აუცილებელი პროცედურის დასრულების შემდეგ, სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გაემგზავრებიან.