13-03-2020
ყველას კარგად გვესმის, რომ კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და ერთობლივი ძალისხმევით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, არც ერთ შემთხვევაში არ არის პანიკის დრო, ახლა კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ქმედებების დროა.
„ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის, პირველივე დღიდან უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შესაბამისად, ნაბიჯები გადადგმული იყო პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. მეორე ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ეკონომიკა და ის მასტიმულირებელი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ, რათა ნაკლებად აისახოს ეკონომიკაზე ის ზეგავლენა, რომელიც აუცილებლად იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ პირველივე დღიდან შექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ რეჟიმში და დგამს იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად.
„საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველასთვის კარგად ცნობილია: გამკაცრდა კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე, ასევე - თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე; ამასთანავე, დროებით შეჩერდა სწავლა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში, გაიცა რეკომენდაცია შესაძლო ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე, ისევე, როგორც გადავადდა საყოველთაო საგაზაფხულო გაწვევა; პრობაციონერების დროებით მოეხსნათ პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება; ასევე პენიტენციურ სისტემაში ორი კვირით შემოღებულ იქნა სპეციალური ღონისძიებები. ეს ყველაფერი გაკეთებულია, რათა შევაჩეროთ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ქვეყანაში და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებების ეფექტურობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.