გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: გვაქვს რესურსი, გამოწვევას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ვუპასუხოთ

13-03-2020

"დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ გამოწვევას ვუპასუხოთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და ჩვენი მოქალაქეების გარკვეული უფლებების შეზღუდვის გარეშე" , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა მიყვება კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად, ახალი გამოწვევების პირობებში ეს ღონისძიებები მკაცრდება. გიორგი გახარია ამბობს, რომ   ღონისძიებების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საგანგებო მდგომარების გამოცხადების დღეს აუცილებლობას ვერ ხედავს.


„ზოგიერთმა სახელწმიფომ ეს საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა, მაგრამ, მინდა ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება, ქვეყნებმა, რომლებმაც ეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მასთან ერთად გამოაცხადეს, თუ რას ნიშნავს ეს საგანგებო მდგომარეობა, რა ღონისძიებების გატარებას. თქვენ თუ დააკვირდებით იმ ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენ უკვე გავატარეთ, ჩვენ საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, მაგრამ იგივე ღონისძიებები უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებული გვაქვს და ვატარებთ. საგანგებო მდგომარების გამოცხადების  აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ. შეიძლება ეს აუცილებლობა დადგეს ხვალ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებები ჩვენ უკვე დიდი ხანია განხორციელებული გვაქვს“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დადგება ხვალ, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯიც გადადგმული იქნება. 


„საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს გარკვეულ ნაბიჯებს, მაგალითად, სკოლაში სწავლის შეჩერებას, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ, მასობრივი ღონისძიებების აკრძალვას, რაც ასევე, ჩვენ უკვე გავაკეთეთ და რასაც ეტაპობრივად ვაკეთებთ. ჩათვალეთ, რომ ღონისძიებები, რომლებსაც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ნაწილობრივ უკვე დაწყებული გვაქვს, ამიტომ, იქ როდესაც მივალთ, რომ ჩვენ დაგვჭირდება სახელმწიფოს სრული ინსტრუმენტების გამოყენება და გარკვეული ჩვენი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა, საგანგებო მდგომარეობა ამას ყველაფერთან ერთად ნიშნავს მოქალაქეებისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930