13-03-2020
კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად შექმნილ პრობლემებზე მსჯელობის მიზნით, ცალკეულ ჯგუფებთან შეხვედრები გაგრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით, პრემიერის დავალებით, დღეს სავაჭრო ობიექტებს შეხვდება.
„ჩვენი ამოცანაა, ბიზნესთან პარტნიორობით შევამციროთ კორონავირუსის გავრცელების რისკი და გავაკეთოთ მაქსიმალური პრევენცია. ეს პირველ რიგში, ეხება ისეთ ბიზნესებს, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირია კონტაქტი მოსახლეობასთან, დღის განმავლობაში ჰყავთ ბევრი მომხმარებელი. საუბარია სავაჭრო ობიექტებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ადგილებზე. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მაქსიმალურად დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, ვიმსჯელოთ სამუშაო რეჟიმსა და საათებზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული და დიდი იმედი მაქვს, სხვადასხვა ინდუსტრია გვერდში დაგვიდგება ისევე, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში ხდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად მსოფლიო ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება და ამ ობიექტური მიზეზებით ბევრი პრობლემა წარმოიქმნება - ჩაიკეტა საზღვრები, შეჩერდა მიმოსვლები.
„ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ამ მოვლენებს საკმაოდ ნეგატიური გავლენა ექნება ეკონომიკაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.