13-03-2020
ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, აპრილში ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას დაასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ New York Post-ი ავრცელებს.
მათივე თქმით, ვაქცინა მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში იქნება გამოყენებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე ქვეყანაში 8 ინსტიტუტი მუშაობს.
„ჩვენი გათვლებით, ვიმედოვნებთ, რომ აპრილში ზოგიერთი ვაქცინა უკვე კლინიკური კვლევებისთვის ან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებისთვის იქნება მზად“, - აცხადებს ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ფონდის დირექტორი ჟენ ჟონვეი.
კანონის მიხედვით, ვაქცინების ტესტირება 12-დან 18 თვემდე უნდა გრძელდებოდეს, თუმცა მათი გამოყენება მანამდეც შეიძლება, თუ ამით მიღებული სარგებელი რისკებს გადაწონის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.