13-03-2020
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ მსოფლიო ქალთა გრან პრის მესამე ეტაპზე 7 ქულა დააგროვა და გათამაშების გამარჯვებული გახდა.
ნანა ძაგნიძემ გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა.
„ლოზანაში გამართული გრან-პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ადამიანს ადამიანთა შორის ბატონ ამირან გამყრელიძეს! რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში. სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო კოლაჟისათვის წარმატებული სპორტსმენების თანადგომისა. მათ შეძლეს გაემარჯვათ და იმედია ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ!" - დაწერა მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული ტურნირი დამაჯერებლად მოიგო.
გრან პრი 4 ეტაპისგან შედგება და მასში მსოფლიოს 12 საუკეთესო მოჭადრაკე მონაწილეობს. იმ შემთხვევაში თუ გრან პრის ეტაპების მიხედვით პირველ ადგილს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ჩინელი ჟუ ვენჟუნი დაიკავებს, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვენჟუნს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვა გრან პრის ეტაპების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკესთან მოუწევს.