13-03-2020
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ადვოკატ კობაიძეს მოუწოდებს, არ გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია.
ადვოკატი ალეკო კობაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თითქოს მას დაუკავშირდნენ მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საკანში არიან პატიმრები, რომლებსაც აქვთ სიცხე და არ აძლევენ მედიკამენტს. კობაიძეს სოციალურ ქსელში პასუხობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი ჩიდრაშვილი, რომელიც კობაიძეს მოუწოდებს, რომ არ გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია. ამასთან, ჩიდრაშვილი განმარტავს, რომ ყველა პენიტენციური დაწესებულება მომარაგებულია საჭირო მედიკამენტებით.
„ბატონო ალექსანდრე, როგორც N8 პენიტენციური დაწესებულება, ასევე საქართველოს ყველა დაწესებულება სრულად უზრუნველყოფილია გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტებით, არსებობს მარაგებიც და ძალიან გთხოვთ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავეთ და ნუ თესავთ პანიკას მოსახლეობაში“.