გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ჩვენი ეკონომიკა კარგად უძლებს გარე შოკებს, მაკროეკონომიკური ვითარება არის საკმაოდ სტაბილური

13-03-2020

„მხოლოდ ეკონომიკურ ეფექტზე რომ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, კორონავირუსის გავლენა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ არავინ იცის, საბოლოო ჯამში, რა დროს წაიღებს ამ პრობლემის გადალახვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ უკვე მოახდინა უარყოფითი ეფექტი მსოფლიოზე, საქართველოში კი ამ ეფექტზე თებერვლის თვის სტატისტიკიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ. მისივე თქმით, მსოფლიოში ურთიერთგანსხვავებული გლობალური პროგნოზები ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ადასტურებს, რომ ცვალებადი ვითარებაა.


„ერთ-ერთი ბოლო - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის პროგნოზით, მთლიანობაში კორონავირუსით გამოწვეული დარტყმა, წელს გლობალური ექსპორტის დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის შემცირებას გამოიწვევს. ეს პრობლემა წამოვიდა ჩინეთიდან, რომელიც დღეს არის გლობალური ინდუსტრიული ჰაბი, მრეწველობის უდიდესი ნაწილი იქ არის კონცენტრირებული, კერძოდ შუალედური სამრეწველო პროდუქციის გამოშვების 20 პროცენტი მოდის ჩინეთიდან და ამას აქვს ზეგავლენა არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ გლობალურ ეკონომიკაზე, რადგან დღეს ეკონომიკა, გეოგრაფიული დაშორებების მიუხედავად, ძალიან ინტეგრირებულია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, ბუნებრივია, ამ ყველაფერს გავლენა ექნება საქართველოზეც. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურად ინტეგრირებულია როგორც რეგიონის, ასევე გლობალურ ეკონომიკაში.


„ჩვენ მცირე ბაზარი ვართ და რომ არა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, ასე ვერ განვვითარდებოდით. დღეს ჩვენი ქვეყანა ექსპორტსა და ტურიზმზე აკეთებს გათვლას და ეს ორი დარგია, რომელიც გარკვეული დარტყმის ქვეშ დგას. აქვე უნდა ითქვას, რომ კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების სხვადასხვა ქვეყანაში იქნება სხვადახვა. თუმცა, როგორც ახლო წარსული გვიჩვენებს, ჩვენი ეკონომიკა კარგად უძლებბს გარე შოკებს, მაკროეკონომიკური ვითარება არის საკმაოდ სტაბილური, ხედავთ, რომ კორონავირუსის ფონზე ეროვნული ვალუტა მყარდება. იანვრის სტატისტიკა რომ ავიღოთ, ტურიზმის განვითარების ტრაექტორია იყო არაჩვეულებრივად დადებითი, 19%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი და ექსპორტში 10%-იანი ზრდა გვქონდა. იანვარში, როცა მსოფლიო უკვე იყო კორონავირუსის დარტყმის ქვეშ, საქართველოში გარკვეული პოზიტიური ინერცია გრძელდებოდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


რაც შეეხება თებერვალს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, რა თქმა უნდა, სახარბიელო სტატისტიკა არ გვექნება.


„როგორც მინიმუმ, არ გაიზრდება საერთშორისო ვიზიტორების რიცხვი და ეს ჩვენი გამიზნული პოლიტიკის შედეგია, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს, დროებით ვკეტავთ ვირუსის ქვეყანაში გავრცელების ყველა გზას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930