14-03-2020
ქვეყანაში დეფიციტის შექმნის რისკი ნამდვილად არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად, წყნარ რეჟიმში შევიძინოთ სურსათი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო საგანგებო რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, კავშირები აქვს ყველა მომწოდებელთან და შესაბამისად, მოწოდების კუთხით შეფერხებები არ იქნება.
"სურსათის მარაგებთან დაკავშირებით, სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს ძირითადი სასურსათო კატეგორიების მონიტორინგს, იმისთვის, რომ ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ არ იყოს პანიკური მოთხოვნილება. პანიკის შემთხვევაში ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, რაც მოსახლეობას დააზარალებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გაითავისოს, რომ რისკი ქვეყანაში დეფიციტის შექმნის ნამდვილად არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად, წყნარ რეჟიმში შევიძინოთ სურსათი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა
მისი თქმით, სატვირთო გადაზიდვებზე, მგზავრების გადაადგილებისგან განსხვავებით, შეზღუდვის რეჟიმი არ მოქმედებს.
"სხვა მხრივ, სამინისტრო საგანგებო რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს. გვაქვს კონკრეტული კავშირები ყველა მომწოდებელთან. მნიშვნელოვანია, რომ მოწოდების კუთხით არ იქნება შეფერხებები. მათ შორის სატვირთო გადაზიდვები არის ცალკე რეჟიმში, განსხვავებულია მგზავრების გადაადგილებისგან და ეს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას რაიმე ტიპის სურსათზე დეფიციტი. ძირითად სასურსათო კატეგორიებზე - ხორბალი, ფქვილი, ბურღულეული, ზეთი და სხვა, ჩვენ გვაქვს უწყვეტი მოწოდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.