15-03-2020
მთავრობის მიერ გამოცხადებული ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებები, არის სწორი და
რაც მთავარია, ყველა ეს გადაწყვეტილება არის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან შიდა მოთხოვნისა და ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებაზეა ორიენტირებული, რომლის ფისკალური ეფექტიც ეკონომიკაში მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის სტიმულს იძლევა და რამაც ამ გლობალური „შოკისას“ დანაკარგების მინიმიზაციას, ხოლო პოსტ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ბუნებრივ პარამეტრებზე დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის კომპლექსური მხარდაჭერა სწორედ შიდა მოთხოვნის სტიმულირებას ემსახურება მოკლევადიან პერიოდში შოკის ეფექტის შესამსუბუქებლად
,,მთავრობის მიერ გამოცხადებული ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებები, არის სწორი,
რაც მთავარია ყველა ეს გადაწყვეტილება არის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან შიდა მოთხოვნისა და ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებაზეა ორიენტირებული, რომლის ფისკალური ეფექტიც ეკონომიკაში მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის სტიმულს იძლევა და რამაც ამ გლობალური „შოკისას“ დანაკარგების მინიმიზაციას, ხოლო პოსტ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ბუნებრივ პარამეტრებზე დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი. როგორია ამ დროს ოპოზიციის შეთავაზებები კორონავირუსის გამო, მთავრობის მიერ ეკონომიკური სექტორისთვის განსაზღვრულ შეღავათებთან დაკავშირებით? სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი კვლავ თავის ბუნებრივ სტიქიაშია, აკრიტიკებს რა მთავრობის გეგმას, რასაც კონცეპტუალურად არასწორ და პრობლემის მოგვარების დროებით ნაბიჯად წარმოსახავს, ხოლო ალტერნატივად მოძველებულ და სტანდარტიზირებულ თეზისებს გვთავაზობს, სამთავრობო ხარჯების შემცირებაზე თუ "ქამრების შემოჭერაზე" აქცენტებით. ოპოზიციის ერთ- ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კიდევ უფრო შორს წავიდა და მთავრობის სტიმულირების მთელი გეგმა არა თუ დაიწუნა, კონცეპტუალურად და ფუნდამენტურადაც არასწორად მიიჩნია, მთავრობა კი „ცუდი ძიძის“ როლში გამოიყვანა. საბოლოოდ მიყვა რა ამ ნეო ლიბერალურ და ყავლგასულ პარადიგმას, სამთავრობო პროგრამის ალტერნატივად აპრიორი გადასახადების დაწევა მიიჩნია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა რამდენად სწორია და რამდენად არის გადასახადების დაწევა გამოსავალი მსგავსი გლობალური შოკებისას? მიმაჩნია, რომ დღეს მთავარი გამოწვევა ეკონომიკისათვის არის მოხმარების შემცირების და ეკონომიკური აქტივობის შენელების პარადიგმა, რადგან საშუალო და მცირე ბიზნესის პრობლემა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ამ თვალსაზრისით არის ყველაზე მოწყვლადი არსებული შოკის მიმართ. აღნიშნული ნათლად აჩვენა 2008 წლის გლობალურმა კრიზისმაც, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერილმა რამდენიმე ათეულმა ტრილიონმა დოლარმა გადაარჩინა ამერიკის და ევროპის საფინანსო სისტემები და არა ბაზრის უნივერსუმმა ანუ თვითრეგულაციის ქიმერამ. მართალია, გადასახადების დაწევა არის ეკონომიკის სტიმულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მაგრამ იგი ეკონომიკაზე გრძელვადიანი ზემოქმედების წმინდა კონტრციკლურ მაკრო რეგულირების მექანიზმად მიიჩნევა, მაშინ როდესაც მოკლევადიანი „შოკებისას“ დგას არა გრძელვადიანი, არამედ მოკლევადიანი ინსტრუმენტების გამოყენების ამოცანა, თუნდაც ბიზნესის მხარდაჭერა მიკრო დონეზე, ამასთან ისედაც გადასახადების დაბალი დონის მქონე ქვეყანაში მისი შემცირების ზღვრული სარგებელი გრძელვადიან პერიოდშიც ძალიან მცირეა. სწორედ ამ ვადიანობის ფაქტორების გამოა, რომ მოკლევადიანი ამოცანის გადაწყვეტა გრძელვადიანი ზემოქმედების ინსტრუმენტებით არის არასწორი და კონტრპროდუქტიულიც. მაგალითისათვის, ტურისტული ნაკადების ან ფულადი გზავნილების შემცირებისას თუნდაც უახლოეს ოთხ თვეში, გადასახადების დაწევა ამ ნაკადებს მიკროდონეზე როგორ გაზრდის? შემოსავლების შემცირება ხომ მოთხოვნის შემცირდებაზეც აისახება? აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის კომპლექსური მხარდაჭერა სწორედ შიდა მოთხოვნის სტიმულირებას ემსახურება მოკლევადიან პერიოდში შოკის ეფექტის შესამსუბუქებლად. ამის დასტურია იმ ღონისძიებების ჩამონათვალიც, რასაც წამყვანი ეკონომიკის ქვეყნები, სამთავრობო გეგმის ანალოგიურად, დღეს მიმართავენ ეკონომიკის სტიმულირებისათვის, იქნება ეს, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება ძირითადი საშუალებების დაფინანსების მექანიზმებთან ერთად, საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის სტიმულირება საკრედიტო საგარანტიო სქემების გამოყენებით ან თუნდაც კომპანიების პირდაპირი კომპენსაცია შემოსავლების მნიშვნელოვნად კლების შემთხვევაში, ასევე, კომერციული ბანკების მიერ სესხების გადავადება და გადასახადების დაბრუნების სქემები და ა.შ. საერთაშორისო გამოცდილებაც ცხადყოფს, რომ გლობალური "შოკებისას“ პრიორიტეტი მოკლევადიანი ინსტრუმენტების გამოყენებას ენიჭება და ნაკლებად, გრძელვადიან კონტრციკლურ ინსტრუმენტებს გადასახადების შემცირების მიმართულებით, რომლის ეფექტიანობაც გრძელვადიან პერიოდშიც საკამათოა არსებული მოცემულობის გათვალისწინებით“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.