16-03-2020
“მომატებული პასუხისმგებლობა და სრული მობილიზაცია ამ ეტაპზე შექმნილ ფორს-მაჟორულ ვითარებასთან გამკლავების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია” – მიიჩნევს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.
როგორც ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში უმკლავდება როგორც ჯანდაცვის საკითხებს, ისე ეკონომიკურ გამოწვევებს.
მისივე თქმით, მაქსიმალური ძალისხმევა იდება იმისთვის, რომ გავრცელების პროცესი არ გასცდეს კონტროლს.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციებისა და განკარგულებების აღსასრულებლად, მონიტორინგის ჯგუფები შეიქმნება. გიორგი გახარიას განცხადებით ასეთი ჯგუფები ჯანდაცვის, ეკონომიკის, ლოჯისტიკისა და მარაგების მართვის და საზოგადოებრივი წესრიგის მიმართულებით, მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროებში გაკეთდება და უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას უზრუნველყოფს. მომატებული პასუხისმგებლობა და სრული მობილიზაცია ამ ეტაპზე შექმნილ ფორს-მაჟორულ ვითარებასთან გამკლავების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია. ყოველსაათობრივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფიცირებულთა მონიტორინგისა და გამოვლენის პროცესი და მაქსიმალური ძალისხმევა იდება იმისთვის, რომ გავრცელების პროცესი არ გასცდეს კონტროლის სფეროს. რაკი ამ დროის მონაცემებით, ეს პროცესი გაკონტროლებულია, უწყებათაშორისი საბჭო ვითარების შესაფერის თანზომად ნაბიჯებს დგამს და მიზანმიმართულად და ეტაპობრივად გამოსცემს რეკომენდაციებს. რეკომენდაციების რეგულაციებად ქცევა და მისი სათანადო აღსრულება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ძალისხმევას, რამაც ქვეყანა მინიმალური ზიანისა და რისკის ფასად უნდა გამოიყვანოს არსებული ვითარებიდან” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესში უდიდეს როლს ასრულებს მოსახლეობის მაქსიმალური და სწორი ინფორმირება, რათა დაზღვეული ვიყოთ არასწორი ქმედებებისა და პანიკის გავრცელებისგან.
„შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით პროცესის მსვლელობა სანიმუშოდ მიმდინარეობს და მის შემდგომ წარმატებაში თავისი წილი აქვს ყველას, ხელისუფლებასაც, მედიასაც, ჯანდაცვასაც და მოსახლეობასაც. მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ არამხოლოდ რისკ ჯგუფში არსებული ცალკეული პირები, არამედ მთელი ქვეყნები გადადიან თვითიზოლაციის რეჟიმში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ არამხოლოდ ინფიცირების რისკების მართვისთვის, არამედ იმ ეკონომიკური პრობლემებისთვის, რასაც შექმნილი ვითარება გამოიწვევს. ვინაიდან პრობლემა გლობალური მასშტაბისაა, შემდგომი პროცესები გარდაუვალია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში უმკლავდება როგორც ჯანდაცვის საკითხებს, ასევე ეკონომიკურ გამოწვევებსაც” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.