გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“ჩვენ ვაქცინას მთელი მსოფლიოსთვის ვქმნით და არა ცალკეული ქვეყნებისთვის”; “გერმანია არ იყიდება”

17-03-2020

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოს არაერთი კომპანია მუშაობს და მათ შორის არის გერმანული CureVac.

3 მარტს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან და მათი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი COVID-19 – ის წინააღმდეგ მებრძოლი შტაბის წევრებთან ერთად, ათამდე ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა.

სტუმართა შორის იყო გერმანიის ბადენ-ვიუტენბერგის ფედერალური მხარის ქალაქ ტიუბინგენში მდებარე ბიოტექნოლოგიური კომპანია CureVac-ის გენერალური დირექტორი, ამერიკელი დანიელ მანიკელა. მან თეთრ სახლში გამოსვლა გაზეთში გამოქვეყნებული თავისი სიტყვების გამეორებით დაიწყო: “ჩვენ ვთვლით, რომ Covid-19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინა ძალიან, ძალიან სწრაფად შეგვიძლია დავამზადოთ”.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმდენად მოეწონა დანიელ მაკინელას გამოსვლა, იმდენად დაინტერესდა CureVac-ის და პაულ ერლიხის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისკენ მიმართული კვლევით, რომ სთხოვა გერმანული კომპანიის ამერიკელ ხელმძღვანელს, გერმანიაში დაბრუნებისთანავე ეზრუნა კომპანიის ამერიკისადმი მიყიდვაზე მილიარდ ამერიკულ დოლარად ან, უკიდურეს შემთხვევაში, ამერიკული მხარისთვის ვაქცინის და მისი დამზადების ტექნოლოგიის ექსკლუზიური უფლების გადაცემაზე.

აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრიდან 8 დღის შემდეგ დანიელ მანიკელამ მოულოდნელად დატოვა კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი და მისი ადგილი ბიოლოგმა ინგმარ ჰიორმა დაიკავა. ჰიორმა 2000 წელს, 32 წლის ასაკში, დისერტაციის დაცვის შემდეგ დააარსა საუნივერსიტეტო ქალაქ ტიუბინგენში კომპანია და იმუნური თერაპიისთვის პრეპარატების და ვაქცინების დამზადების ტექნოლოგია შეიმუშავა.

2018 წელს ინგმარ ჰიორი ჩამოშორდა ბიზნესის ოპერატიულ მართვას და ფირმის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. ჰიორის დანიელ მანიკელას ადგილზე დანიშვას დაბეჯითებით ცდილობდა კომპანიის ძირითადი ინვესტორი, 1972 წელს დღეისთვის უდიდესი სოფტვერული კომპანიის შემქმნელი, საფეხბურთო კლუბ “ჰოფენჰაიმის” მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ცნობილი გერმანელი მილიარდერი, 79 წლის დიტმარ ჰოპი.

დიტმარ ჰოპი 2000-სიანების დასაწყისიდან პრაქტიკულად მარტო აფინანსებდა CureVac-ის სამეცნიერო კვლევებს. 2015 წლიდან კომპანია ფინანსების ~20%-ს ბილ გეითსის და მისი მეუღლე მელინდას საქველმოქმედო ფონდიდან იღებს.

კვირას, 15 მარტს, დიტმარ ჰოპმა თქვა, რომ გამორიცხავს COVID-19 – ის საწინააღმდეგო საშუალებაზე ექსკლუზიური უფლების გადაცემას ერთი რომელიმე ქვეყნისთვის.

“თუ ჩვენ, როგორც მე იმედი მაქვს, შევძლებთ შევქმნათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ქმედითი ვაქცინა, მისი გამოყენება ადამიანების დასაცავად მოხდება არა რეგიონალურად, არამედ სოლიდარულად, მთელ მსოფლიოში”, – ხაზგასმით განაცხადა მილიარდერმა და დაამატა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ ასეთ დახმარებას მისი მრავალწლიანი ინვესტიციების წყალობით მიიღებდნენ ადამიანები.

“ჩვენ ვქმნით ვაქცინას მთელი მსოფლიოსთვის და არა ცალკეული ქვეყნებისთვის”, – განაცხადა კვირას გაზეთ “Mannheimer Morgen”-თან CureVac-ის ძირითადი აქციონერის ჰოლდინგური კომპანია Dievini-ის (რომლის დამფუძნებელი და 80%-ინი წილის მფლობელიც დიტმარ ჰოპია) მმართველმა დირექტორმა კრიშტოფ ჰეტიხმა.

ინტრიგებს CureVac–ის გარშემო, მძაფრი რეაქციები მოჰყვა ბერლინელი პოლიტიკოსების მხრიდან. 16 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ეს ვირუსი ჩვენ შეიძლება დავამარცხოთ ერთობლივად და არა ერთმანეთთან დაპირისპირებით”. გერმანელი მეცნიერები, რომლებიც მთელი მსოფლიოს სპეციალისტებთან თანამშრომლობენ წამლების და ვაქცინების დამზადების საქმეში, მოწინავე პოზიციებზე არიან. “ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ვინმე ექსკლუზიურად დაეუფლოს მათი მეცნიერული კვლევების შედეგებს”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა.

ანალოგიური განცხადებები გააკეთა კვირა საღამოს ტელეარხ ARD-ზე გამოსვლისას გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა. მან “შესანიშნავი” უწოდა დიტმარ ჰოპის გადაწყვეტილებას და ხაზგასმით განაცხადა, რომ “გერმანია არ იყიდება”

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ში დაიწყო ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება. ვარაუდობენ, რომ ტესტირების პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ვაქცინისთვის საბოლოო სახის მიცემას, წარმოებაში ჩაშვებას და ბაზარზე მიწოდებას არანაკლებ ერთი წელი დასჭირდება. გერმანელი მეცნიერები  თავიანთი შექმნილი ვაქცინის შემოდგომაზე გამოშვებას არ გამორიცხავენ.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930