გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროგრამის გამოყენებას სთავაზობს

17-03-2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება.


დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, მათ შორის, Teams, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შესძლებს.


Teams-ში ინტეგრირებულია OneNote Class Notebooks, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დავალებებისა და სასწავლო რესურსების ასატვირთად შექმნილია პირადი სამუშაო სივრცე. პროგრამა ასევე ეხმარება პედაგოგს სილაბუსის, ქვიზის, კითხვარების მომზადებასა და ონლაინ სასწავლო პროცესის წარმართვაში.


აღნიშნული ინტერნეტ პროდუქტები ყველა ჩართული მხარისთვის ხელმისაწვდომია. მათ შორის, მოსწავლეებისთვის შექმნილია ელექტრონული ფოსტა, რომელზეც უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. გარდა ამისა, გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების მაგალითები განთავსებულია პორტალზე: email.mes.gov.ge.


პროდუქტების გამოყენებისთვის ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გააქტიურებული Office 365-ის მომხმარებლის პროფილი.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ელექტრონული მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) Microsoft-თან უკვე 11 წელია თანამშრომლობს. კომპანიის მხარდაჭერით არაერთი პროექტი განხორციელდა და სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930