17-03-2020
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემამ უკვე მიიღო პირველი ტალღა და ახლა მზად არის გაზრდილი ნაკადის მისაღებად.
"ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისთვის, რომ მიგვეღო პირველი ტალღა, ეს ტალღა სისტემამ უკვე მიიღო და ახლა ველოდებით უკვე შედარებით მეტ გავრცელებას მოსახლეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე აღვწერეთ ყველა სახის საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში. უკვე არის 600 საწოლი, რომელიც 24-დან 48-მდე საათში იქნება მზად პაციენტების მისაღებად. აღწერილი იქნა ინფრასტრუქტურის და ასევე პერსონალის მზაობა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად და დღესდღეობით ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კვირიდან სისტემა მზად არის მიიღოს გაზრდილი ნაკადი. ძირითადი საავადმყოფოები მობილიზებულია თბილისში. ამის საჭიროება არ დამდგარა, თუმცა ყველა სტაციონარში მობილიზებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის აპარატები. 150 სუნთქვის აპარატი, რომლის გამოყენებაც მოხდება საჭიროების შემთხვევაში.", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ყველა უწყება გადადის ახალ რეჟიმზე.
„ჩვენ გადავდივართ ახალ რეჟიმზე. ეს არის პრევენციული რეჟიმი, რომელიც გულისხმობს უფრო გამკაცრებულ რეჟიმს. მოქალაქეების უფრო მეტად გავაკონტროლებთ იმისათვის, რომ მათ მოახერხონ სოციალური დისტანცირება, რათა მოხდეს ყველა ჯაჭვის გაწყვეტა და პრევენციულად შეჩერება ვირუსის გავრცელების, რომელიც დღესდღეობით ასეთ საფრთხეს უქმნის ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა მინისტრმა.